საქართველო, 26 იანვარი, საქინფორმი. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე რიმა ბერაძე საქართველოში მცხოვრები პოლონელების სათვისტომოს წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრას, რომელიც საქართველოს პოლონელთა კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირის „პოლონიას“ ოფისში გაიმართა, ფრაქციასთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს კოორდინატორი მარგალიტა ხიდირბეგიშვილი, პოლონეთის კონსული საქართველოში პიოტრ აპოსტოლიდისი, პოლონეთის საკონსულოს წარმომადგენლები და სათვისტომოს წევრები ესწრებოდნენ.
დიასპორასთან შეხვედრა „პოლონიას“ თავმჯდომარემ მარიამ ფილინამ გახსნა და სტუმრებს პოლონელთა კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირის მიერ საქართველოში მოღვაწეობის 21 წლიანი მოკლე მიმოხილვა წარუდგინა, ისაუბრა პოლონელი მოღვაწეების მიერ თბილისის განვითარებაში შეტანილ წვლილზე და გიორგი ალიბეგაშვილს და რიმა ბერაძეს კავშირის სამომავლო გეგმები გააცნო.
თავის მხრივ, ფრაქციის თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ, საქართველოში მცხოვრებ პოლონელებს, ფრაქციასთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს მუშაობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, მომავალში კიდევ უფრო ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა და კომპეტენციის ფარგლებში მხარდაჭერა აღუთქვა.
შეხვედრაზე საკრებულოს წარმომადგენლებს ყურადღებისა და თანადგომისთვის მადლობა პოლონეთის კონსულმა გადაუხადა და ერთობლივი თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატა.