ილია მეორე: კავკასიაში ომი არ არის, მაგრამ არც მშვიდობაა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის თქმით, კავკასიაში ომი არ არის, მაგრამ არც მშვიდობაა. როგორც პატრიარქმა კავკასიის მუსლიმანთა მმართველობის ხელმძღვანელ ჰაჯი ალაჰ შუქურ ფაშაზადესთან შეხვედრისას ბრძანა, კავკასიაში არსებული კონფლიქტების გადაჭრა აუცილებელია.
“კავკასიაში ომი არ არის, მაგრამ არც მშვიდობაა, რისი გაგრძელებაც არ შეიძლება. ეს რეგიონისთვის ძალზე მტკივნეული საკითხია. მოხარული ვარ, რომ თქვენ ამ პროცესში მონაწილეობთ. ეს კავკასიაში მშვიდობის დასამყარებლად მნიშვნელოვანია”, - ბრძანა პატრიარქმა. მისი თქმით, როგორც ყარაბაღი აზერბაიჯანს, ისე არის მოწყვეტილი აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს, რაც კავკასიაში მშვიდობის დამკვიდრებას ხელს უშლის. ალაჰშუქურ ფაშაზადე საქართველოს ილია მეორესათვის აღსაყდრების 33 წლის მისალოცად ეწვია. როგორც ცნობილია. ეს თარიღი 25 დეკემბერს აღინიშნება. ილია მეორემ სტუმარს გელათის სასულიერო აკადემიის საპატიო დოქტორის დიპლომი გადასცა. კავკასიის მუსლიმანთა ლიდერმა კი პატრიარქს ხალიჩა უსახსოვრა, რომელზეც ილია მეორეა გამოსახული.