უცხოეთი
Financial Times - პუტინმა ასადს გადადგომა შესთავაზა

 საქართველო, 25 იანვარი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სირიელ კოლეგას - ბაშარ ასადს გადადგომა შესთავაზა. სირიის პრეზიდენტმა კი ეს წინადადება კატეგორიულად უარყო, - ამის შესახებ „Financial Times" წერს.

გამოცემის ინფორმაციით, დამასკოში საგანგებო მისიით რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამსახურის აწგანსვენებული ხელმძღვანელი იგორ სერგუნი იმყოფებოდა. სწორედ მან გადასცა პუტინის მესიჯი ასადს. „Financial Times"-ის წყაროების ცნობით, სერგუნი სირიაში დაღუპვამდე რამდენიმე კვირით ადრე იმყოფებოდა. კრემლის ოფიციალური ვერსიით, ის 3 იანვარს დაიღუპა. რამდენიმე დღის შემდეგ, ამერიკულმა სადაზვერვო-ანალიტიკურმა კომპანია „Stratfor"-მა კი, გაავრცელა ინფორმაცია, რომ სერგუნი 1 იანვარს ლიბანში დაიღუპა. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა - დიმიტრი პესკოვმა ეს ინფორმაცია უარყო.

სხვათა შორის, რუსული მედიაში გავრცელებული ცნობით, პესკოვმა ასევე არ დაადასტურა „Financial Times"-ის ინფორმაცია, თითქოს პუტინმა ასადს გადადგომა შესთავაზა.

ჯერ კიდევ, 2015 წლის ოქტომბერში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა - სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ სირიელი ხალხი როგორც საპარლამენტო, ისე საპრეზიდენტო არჩევნებისთვის უნდა მოემზადოს". ასადის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა კი მაშინ განმარტეს, რომ არჩევნების ჩატარება მხოლოდ „ტერორიზმის აღმოფხვრისა და მთელ ქვეყანაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის აღდგენის შემდეგ მოხერხდება".

სააგენტო „Bloomberg"-ის ინფორმაციით, დეკემბრის ბოლოს პუტინისა და აშშ-ისა სახელმწიფო მდივნის ჯონ ქერის მოლაპარაკებების დროს, რუსეთის ლიდერმა თქვა, რომ ასადს 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის საშუალება უნდა მიეცეს. სააგენტოს წყაროს ცნობით, პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ თუ ასადს არჩევნებში მონაწილეობის შანსი ექნება, ის აუცილებლად გაიმარჯვებს. დეკემბერშივე, სააგენტო „როიტერი" დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ რუსული მხარის წარმომადგენლები, გარდამავ პერიოდში, ასადის გადადგომას თანხმდებიან, თუმცა მზად არ არიან ეს საჯაროდ განაცხადონ.

სექტემბრის ბოლოს ქერი იმაზეც საუბრობდა, რომ ვაშინგტონმა ასადის გადადგომასთან დაკავშირებით პოზიცია შეიცვალა და თუ ადრე ამერიკის მთავრობა სირიის პრეზიდენტის დაუყოვნებლივ გადადგომას ითხოვდა, ახლა მის ეტაპობრივ წასვლაზეც თანახმაა.

რუსეთი სირიაში სექტემბრის ბოლოდან, სწორედ ასადის თხოვნით იბრძვის. რუსეთის საგარეო უწყება ხშირად აღნიშნავდა, რომ ასადი სირიის ერთადერთი ლეგიტიმური ხელისუფალია.

იანვრის დასაწყისში კი პუტინმა გამოცემა Bild-თან ინტერვიუში შეკითხვაზე, მზად არის თუ არა, აუცილებლობის შემთხვევაში, ასადს პოლიტიკური თავშესაფარი მისცეს, – უპასუხა, რომ „ამაზე ლაპარაკი ნაადრევია" და სირიაში არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების შემთხვევაში „ასადს შეიძლება არსად წასვლა არ მოუწიოს".

politcommersant.ge