საქართველო, 25 იანვარი, საქინფორმი. ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში პრემიერი აღნიშნავს, რომ ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი განხორციელება საქართველოს ხელისუფლების უპირველესი პრიორიტეტია.
„მადლობას ვუხდით ევროპარლამეტარებს საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში მტკიცე მხარდაჭერისთვის. როგორც ევროკომისიის ანგარიშშია აღნიშნული, საქართველომ წარმატებით შეასრულა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, ზოგიერთი მიმართულებით კი გასცდა დადგენილ მოთხოვნებს. ველით, რომ უახლოეს მომავალში ევროკავშირი მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებით, რაც ხელშესახებ სარგებელს მოუტანს საქართველოს მოქალაქეებს და ასევე, მეტ შესაძლებლობას მისცემს ბიზნესსაზოგადოებას, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო მეწარმეებს, მაქსიმალური სარგებელი მიიღონ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობით“, - აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
„მე სრულად ვიზიარებ ევროპარლამენტის მოწოდებას, ყველა პოლიტიკური პარტიის მიმართ პოლარიზაციის შემცირების აუცილებლობასთან დაკავშირებით. ჩვენ მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა თავიდან ავიცილოთ პოლიტიკური დაძაბულობა ქვეყანაში და ვიმედოვნებთ, რომ ოპონენტები გამონახავენ ჩვენთან თანამშრომლობის გზებს ისეთ ძირითად საკითხებზე, რომლებიც გადამწყვეტია ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და ეროვნული ინტერესების დაცვისთვის...
იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ჭეშმარიტად ევროპული სახელმწიფო, ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ამ პროცესში, მნიშვნელოვანია, რომ ევროპარლამენტმა განაგრძოს საქართველოს მიერ ასოცირების დღის წესრიგის განხორციელებაში მიღწეული პროგრესის მონიტორინგი და კვლავაც დარჩეს ჩვენს მტკიცე მხარდამჭერად“, - ნათქვამია, კერძოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.