სამართალი
სახელმწიფოს დაფინასებით, ვეტერანთა ახალი ჰოსპიტალი აშენდება, მანამდე კი ჰოსპიტალი სხვა კლინიკაში გააგრძელებს ფუნქციონირებას

 საქართველო, 25 იანვარი, საქინფორმი. ამის შესახებ ვეტერანთა საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

ახალი შენობისთვის ტერიტორიის გამოყოფის საკითხზე ვეტერანთა სახელმწიფო სამსახური მოლაპარაკებებს ეკონომიკის სამინისტროსთან აწარმოებს. „ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურთან ერთად, 70-მდე ვეტერანული არასამთავრობო ორგანიზაცია ჩართულნი ვართ ჰოსპიტალის პრობლემის მოგვარების საკითხში. სანამ საფუძველი ჩაეყრება ახალი ჰოსპიტალის მშენებლობას და სანამ არ დასრულდება იგი, მანამდე ვეტერანებს ჩვენი ბრენდი გვექნება, ძალიან მაღალი დონის გამართულ კლინიკაში და ჰოსპიტალი იქ გააგრძელებს ფუნქციონირებას. ეკონომიკის სამინისტროსთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს იმაზე, თუ სად განთავსდება ჰოსპიტალი, ამ საკითხზე მოლაპარაკებებს ბატონი ირაკლი შიხიაშვილი აწარმოებს“,- აღნიშნა ვეტერანმა დოდო გუგეშაშვილმა.

ვეტერანებმა მადლიერება გამოხატეს ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის მიმართ და იმ დახმარებების შესახებ ისაუბრეს, რომელიც ათასობით ვეტერანს გაეწია.

გავეცანით ვეტრანთა სახელმწიფო სამსახურის მუშაობას. გავეცანით, რამდენ ათას ვეტერანს გაეწია სხვადასხვა სახის დახმარება. სახელმწიფო სამსახური გვერდით დაუდგა ვეტერანებს. ჩვენ გვერდით ვუდგავართ ვეტერანთა სამსახურს და ბატონ ირაკლი შიხიაშვილს“, – აღნიშნა ვეტერანთა 18 არასამთავრობო ორგანიზაციის გაერთიანების წევრმა თემურ ბაძაღუამ.

ჰოსპიტალის თემა დღეს პოლიტიზებულია და ბევრი პოლიტიკური ძალა ცდილობს, ვეტერანები თავის ელექტორატად გამოიყენოს, ჰპირდებიან უამრავ რამეს… რეალურად დღევანდელ დღემდე არცერთ ძალას ვეტერანებისთვის არაფერი გაუკეთებია. ბოლო 1,5 წლის მანძილზე კი 8 000- ზე მეტმა ვეტერანმა ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის დაფინასებით სამედიცინო მომსახურება მიიღო“, – განაცხადა საქართველოს ვეტარენთა ფედერაციის წარმომადგენელმა მიშა წიქარიძემ.