საქართველო, 25 იანვარი, საქინფორმი. „თავისუფალი საქართველოს“ საპარლამენტო მდივანი როინ ხიჯაკაძე: „როგორც ცნობილია „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ლარის კურსის ვარდნამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ერთ-ერთი გამოსავალი შექმნილ ვითარებაში არის ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება და გამოთავისუფლებული რესურსების რეალურ სექტორში დაბანდება. სამწუხაროდ, მთავრობა უგულებელყოფს ამ მოსაზრებებს.
ამ დღეებში იმართება თბილისის მერის დავით ნარმანიას ვიზიტი სლოვაკეთში, სადაც დაგეგმილია მთელი რიგი ე.წ. ოფიციალური შეხვედრებისა. მივმართავთ ბატონ ნარმანიას გამოაქვეყნოს დელეგაციის შემადგენლობა და ვიზიტზე გაწეული ხარჯების ანგარიში: მგზავრობა, სასტუმრო, დანამატები და სხვ.
ვთხოვთ თბილისის მერიას გამოაქვეყნოს მივლინების ანგარიში, რა კონკრეტული შედეგები დადგა ამ ვიზიტის შედეგად და რაში დაიხარჯა თბილისელების ფული. როგორც წესი ასეთ შემთხვევაში მივლინების ანგარიშებში იწერება რომ ქართული მხარე გაეცნო „ევროპულ გამოცდილებას“, თუმცა გამოცდილების გაზიარება შესაძლებლია ინტერნეტითაც 21-ე საუკუნეში.
ბატონი ნარმანიას ვიზიტი არის მხოლოდ მაგალითი, ჯამში კი უსაქმური ჩინოვნიკების უცხოურ შოპ-ტურებზე, რომლებიც ოფიციალურ ვიზიტებადაა შენიღბული, უღარიბესი ქვეყნის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად ათობით მილიონი ლარი იხარჯება“, – აცხადებს, კერძოდ, როინ ხიჯაკაძე.