საქართველო, 21 იანვარი, საქინფორმი. „გაზპრომთან“ მიმდინარე მოლაპარაკებებზე ენერგეტიკის მინისტრმა რამდენიმეთვიანი დუმილი დაარღვია და არსებულ კითხვებს პასუხები გასცა.
კალაძემ 2006 წელი გაიხსენა და "სიცრუე" უწოდა იმ განცხადებებს, რომ რუსული გაზსადენის აფეთქების შემდეგ საქართველო ენერგოდამოუკიდებლობაზე გადავიდა და რუსული გაზი აზერბაიჯანული გაზით ჩაანაცვლა. კალაძის განცხადებით, 2007 წელსაც საქართველო 99%-ით იყო დამოკიდებული რუსულ გაზზე და 2008 წელს, ომის პერიოდში რუსული გაზის წილი საქართველოს ბაზარზე 50%-ს შეადგენდა.
რაც შეეხება ბოლო მოლაპარაკებებს, კალაძემ განაცხადა, რომ რუსეთისგან საქართველოს ხელისუფლებამ ულტიმატუმი მიიღო, რაც საქართველოს სატრანზიტო დერეფნის გამოყენების გაუქმებასა და სომხეთისთვის ირანული გაზით უზრუნველყოფას ეხებოდა. ენერგეტიკის მინისტრის თქმით ეს საფრთხე რეალურია და ხელისუფლება ცდილობს, არსებული სატრანზიტო დერეფნის ფუნქცია შეინარჩუნოს.
"წლების განმავლობაში როცა დეფიციტი იყო, ვახერხებდით დამატებითი მოცულობების შესყიდვას. ამის სტატისტიკა შემიძლია, მოგაწოდოთ. 2012 წელთან შედარებით 38%-ით არის გაზრდილი გაზის მოხმარება. ეს გამოიწვია გაზიფიცირების სამუშაოებმა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს", - განაცხადა კახა კალაძემ თოქშოუ „არჩევანში“.