პოლიტიკა
საპარლამენტო არჩევნები–2016: „ქართული ოცნება“ სიას კოალიციის თითოეული სუბიექტის რეიტინგის მიხედვით შეადგენს“ – მეჭიაური

 საქართველო, 21 იანვარი, საქინფორმი. ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა. თამაზ მეჭიაური მედიაში გავრცელებულ იმ მონაცემებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც პარტია „ქართული ოცნების“ წევრთა ნაწილმა საპარლამენტო სიაში მოხვედრის გარანტია უკვე მიიღო. ამ სიაში არ ფიგურირებს თავად მეჭიაურის გვარი.

 „ჯერ უნდა დავაზუსტოთ, სია ვისი გაკეთებულია. წყარო არ ვიცი ამ სიის. ვიდრე თავად ბიძინა ივანიშვილი არ დაადასტურებს, მანამდე მხოლოდ ვერსიებია. თუ ჩათვლიან იმას, რომ მე სარგებლობა მომაქვს იმდენი რამდენიც ერთ მანდატს სჭირდება, ალბათ ვიქნები სიაში... უმრავლესობაში დეტალურად სიის განხილვა არ ყოფილა. ზოგადად, რომ სარეიტინგო გამოკითხვები უნდა ჩატარდეს და ა.შ. კი მაგრამ, სად ტარდება, ვინ ჩაატარებს, როდის დამთავრდება ეს ყველაფერი, ამას დრო გვაჩვენებს. სამართლიანად უნდა შედგეს სია, ყველამ უნდა მიიღოს ის, რაც მოაქვს პარტიისთვის და მაშინ უკვე აღარ იქნება არავის მხრიდან უკმაყოფილება. თუ კოალიციაზე ვსაუბრობთ, უნდა იყოს გათვალისწინებული თუ რა წვლილს შეიტანს თითოეული სუბიექტი. ამ წვლილის გაზომვა მოხდება იმ რეიტინგებით, რომელიც რეალურად აქვს ამ სუბიექტებს. თუ მოხერხდა ზეპირი შეთანხმება და ზოგიერთ სუბიექტს არაპროპორციულად მეტი მოთხოვნა აქვს გაიტანოს, ვიდრე შემოიტანოს კოალიციაში, მაშინ რჩება ერთადერთი გზა, იყაროს დამოუკიდებლად კენჭი და დაამტკიცოს, რომ მართლა იმსახურებს ბევრს იმიტომ, რომ კოალიციაში შემავალ სუბიექტებს წინა არჩევნებიდან თუ ვიმსჯელებთ, ყველას ჰქონდა საშუალება მინიმუმ ფრაქცია გაეკეთებინა. თუ დაახლოებით ამ დოზით მოხდება განაწილება, მაშინ ალბათ ახლაც ექნებათ ასეთი გარანტია. და თუ ეს ვიღაცას არ დააკმაყოფილებს, ის მაინც უნდა მიიღოს, რომ ბარიერი გადალახოს. ბარიერის გადალახვა აუცილებელია რომ ფრაქცია შექმნას",- განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.