საქართველო, 21 იანვარი, საქინფორმი. ყოველ 100 ათას მოსახლეზე 248 შემთხვევა - ასეთი სტატისტიკა აქვს დაავადებათა ეროვნულ ცენტრს საქართველოში დაფიქსირებულ ღორის გრიპის შემთხვევებთან დაკავშირებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დროისთვის თითქმის 9 000 პაციენტი აღირიცხა H1N1 ვირუსის დიაგნოზით.
ეპიდემიის გამოცხადებას ექიმები ამ ეტაპზე არ ვარაუდობენ, თუმცა ვირუსის შემთხვევების მაქსიმუმს მედიკოსები თებერვალში ელოდებიან.
ინფექციურ საავადმყოფოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მომდევნო კვირიდან გეგმავენ.
საქართველოში H1 N1-ით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაცია უკვე დაადასტურეს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.
„დღეისათვის დაფიქსირებული გვაქვს გარდაცვალების ორი შემთხვევა. ორივე შემთხვევაში საქმე გვქონდა თანმხლებ მძიმე დაავადებებთან", - განმარტა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ.