საზოგადოება
ლევილის შატოს მამულის სადიაგნოსტიკო სამუშაოების პრეზენტაცია

 საქართველო, 21 იანვარი, საქინფორმი. პარიზში, საქართველოს საელჩოს შენობაში გაიმართა ლევილის შატოსა და მამულის სადიაგნოსტიკო სამუშაოებისა და მამულის მომავალი ფუნქციონირების განსაზღვრის მიზნით შექმნილი არქიტექტურული მისიის მიერ მომზადებული ანგარიშის პრეზენტაცია. მისიას ხელმძღვანელობს  ვერსალის არქიტექტურული სკოლის პროფესორი, არქიტექტორი რიშარ საბატიე.

პროექტის განხილვაში, ასევე, მონაწილეობდნენ საქართველოს მთავრობის წევრები, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე და საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, აგრეთვე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში, ეკატერინე სირაძედელონე და საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი გოჩა ჯავახიშვილი. განხილვას აგრეთვე ესწრებოდა ლევილის მერი, ერიკ ბრევი (ვიდეო იხ. აქ).

არქიტექტორთა მიერ წარმოდგენილი ანგარიში მოიცავს ლევილის მამულის ისტორიულ, არქიტექტურულ და ტექნიკურ ანალიზს, პროექტის მეორე ნაწილი განსაზღვრავს მამულის მომავალი მოწყობის სტრუქტურას. კერძოდ: მამულში მოეწყობა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მუზეუმი, ქართული ემიგრაციის მუზეუმი, მეცნიერების სახლი, ბიბლიოთეკა და არქივი, რომელიც ხელმისაწვდომი გახდება ყველა დაინტერესებული პირისათვის. ისტორიულ სივრცეში, რომელიც შატოს მნიშვნელოვან ნაწილს დაიკავებს, პერიოდულად გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის, პირველი რესპუბლიკის, 1924 წლის ეროვნული აჯანყებისა და სხვა ისტორიული თარიღების აღსანიშნავი ღონისძიებები, კონფერენციები, გამოფენები  და სხვა.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ გელა დუმბაძემ და თეა წულუკიანმა სამუშაო შეხვედრა გამართეს პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრთა ოჯახების წარმომადგენლებთან.