სამართალი
„თბილსერვისჯგუფი“-დან თანამშრომლების პოლიტიკური ნიშნით დათხოვნა მიმდინარეობს

 საქართველო, 21 იანვარი, საქინფორმი. „თავისუფალი საქართველო“ ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია: „30-31 დეკემბერს გაიმართა „თბილ სერვის ჯგუფის“ თანამშრომლების საპროტესტო მიტინგი, სადაც თანამშრომლებმა მოითხოვეს შრომის პირობების გაუმჯობესება, მ.შ: ყოველწლიური დანამატის გაცემა და ხელფასების მატება. იმავდროულად ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებების დროს თანამშრომლებმა უარი განაცხადეს გაფიცვაზე, რათა წინასაახალწლო დღეებში პრობლემები არ შეექმნათ დედაქალაქისთვის და მზადყოფნა გამოთქვეს ყველა სადავო საკითხი გადაეწყვიტათ დიალოგის გზით.

სამწუხაროდ თანამშრომლების კონსტრუქციულ მიდგომას საპასუხოდ მოჰყვა ადმინისტრაციის მხრიდან პოლიციური ზომები და მიტინგის ორგანიზატორები დაითხოვეს სამსახურიდან, ხოლო მონაწილეებს გამოეცხადათ სასტიკი საყვედურები. ზ/ა პროცესს აკონტროლებდა არა უშუალოდ კომპანიის ხელმძღვანელობა, არამედ თბილისის მერია და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

ადამიანების სამსახურიდან დათხოვნა აზრის გამოხატვის გამო წარმოადგენს არა მხოლოდ შრომითი, არამედ ძირითადი კონსტიტუციური უფლებების უხეშ დარღვევას.

„თავისუფალი საქართველო“ დაიცავს თანმშრომლების ინტერესებს სასამართლოში და მოითხოვს მათ აღდგენას სამუშაოზე, იმავდროულად მიგვაჩნია, რომ ადმინისტრაციის მხრიდან ადგილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 169-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს და მოვითხოვთ შესაბამისი გამოძიების დაწყებას.

მივმართავთ პრეზიდენტს, მთავრობას, პარლამენტს, სახალხო დამცველს და თბილისის საკრებულოს შეისწავლონ ზ/ა შემთხვევა, მოაწყონ საჯარო მოსმენები და მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები“.