საქართველო, 20 იანვარი, საქინფორმი. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ, რაიონის გამგებელ ზურაბ ჩიკვილაძესთან, დედაქალაქის მერიისა და კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ“-ის წარმომადგენლებთან ერთად ჩეჩელაშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
ჩუღურეთის რაიონში მდებარე ჩეჩელაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია სამი დღის წინ დაიწყო. განახლების შედეგად ქუჩაზე, რომლის სიგრძე 1კმ-ზე მეტია მთლიანად გამოიცვლება მიწისწქვეშა კომუნიკაცია, გაკეთდება სანიაღვრე ჭები, ჩაიყრება წყლის ახალი მილები, დაიგება ასფალტის საფარი და ქუჩის განათება მოწესრიგდება.
აღდგენითი სამუშაოების დაწყების თხოვნით რიმა ბერაძეს ქუჩის მცხოვრებლებმა მიმართეს. მათი განცხადებით, ჩეჩელაშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაახლოებით ექვსი ათეული წლის განმავლობაში არ ჩატარებულა და მათი დაწყება მაჟორიტარი დეპუტატის ძალისხმევით შედეგად გახდა შესაძლებელი.
„ჩეჩელაშვილის ქუჩაზე სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს 250 ოჯახზე მეტი ცხოვრობს და ამ ქუჩის მოწესრიგება მოსახლეობის თხოვნა იყო. სამუშაოების დაწყების საშუალება 2016 წლის ბიუჯეტმა მოგვცა. მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლა დაახლოებით ორ თვეში დასრულდება, ამის შემდეგ ქუჩაზე ასფალტის საფარიც დაიგება და განათებაც მოწესრიგდება“, - განაცხადა რიმა ბერაძემ.