სამართალი
პრეზიდენტი, "რუსთავი 2", "ნაცმოძრაობა", ელისაშვილი, კილაძე, "თავისუფალი დემოკრატები" - "ქართული ოცნების" წინააღმდეგ

 საქართველო, 20 იანვარი, საქინფორმი. ეკა ბესელიას ბრალდებებს შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი პასუხობს. მისი თქმით, ცხადია, რომ ნებისმიერი პატიმრის წერილი, რომელიც კომისიამ არ შეიწყალა, კრიტიკული იქნება.

 "რომ არ შეიწყალეს პატიმარი და უკმაყოფილო იყო, ეს არის ძალიან გასაგები იმიტომ, რომ ძალიან ბევრი პატიმარი რჩებოდა ხოლმე უკმაყოფილო და არ მეგულება პატიმარი, რომელსაც არ მიაჩნდეს, რომ უდანაშაულოა და გარეთ გამოსვლა უნდა. ეს არის ძალიან ლოგიკური. ეს ზღაპრები მოუყვეს მანანა კობახიძეს და ნანა კაკაბაძეს მოუხმონ ხოლმე და ამ სამმა ერთმანეთს მოუყვნენ ზღაპრები. რაც უნდა გამოაქვეყნოს, კისერი უტეხია. საგამოძიებო კომისია შეიქმნას. ერთი პატარა ხატი წამოვიღე შეწყალების კომისიიდან, პატიმრის გაკეთებული, პატიმრის დედამ მაჩუქა. ამის გამო თუ დამაკავებენ, ხელფასის მეტი მე არ ამიღია 5 თვის განმავლობაში არაფერი. მიუხედავად იმისა, რომ მილიონი შემოთავაზება იყო", –  აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

 თავის მხრივ, ეკა ბესელიამ ალეკო ელისაშვილის შესაძლო კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობაზე ისაუბრა. მან შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან და ფიგურებთან ერთად ერთობლივი კამპანიის წარმოებაში დაადანაშაულა.

 "ელისაშვილი, ე.წ. ჟურნალისტი კილაძე, "ნაციონალური მოძრაობის" ტელევიზია "რუსთავი 2", რომელიც ამ კამპანიას აცოცხლებს, სამწუხაროდ, პრეზიდენტი მარგველაშვილი, რომელიც ირიბად ჩანს ამ სცენარში ჩართულია ჩემდა სამწუხაროდ და "თავისუფალი დემოკრატების" გარკვეული წევრები. ეს არის კოალიციური პოლიტიკური ჯგუფი, რომელმაც დაგეგმა ეს ცილისმწამებლური კამპანია, რომელიც ძალიან მიზანმიმართულად არის დაგეგმილი "ქართული ოცნების" სპიკერების მიმართ, წინასაარჩევნოდ", - აღნიშნა ეკა ბესელიამ.