საქართველო, 20 იანვარი, საქინფორმი. მოგების გადასახადისგან გათავისუფლება და მხოლოდ განაწილებული მოგების დაბეგვრა; ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია და მთელი მთავრობისთვის ერთიანი ე.წ Front ოფისის შექმნა, - ახალი ინიციატივები ბიზნესს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პირადად გააცნო.
პრემიერი 20-მდე ბიზნესასოციაციის წარმომადგენელს იმ უმთავრეს პრიორიტეტებზე ესაუბრა, რომლებზეც მთავრობა უახლოეს მომავალში, დროში გაწერილ სამოქმედო გეგმას წარადგენს.
სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობასთან ერთად, პრიორიტეტულია საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა მთავრობის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ასევე - რეგიონების განვითარება და საგანმანათლებლო სისტემის რეფორმა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ხელისუფლების გადაწყვეტილებები უნდა იყოს გამოძახილი იმისა, რა სჭირდება დღეს ქვეყანას, ეკონომიკას, თითოეულ ეკონომიკურ სუბიექტს.
„მინდა, ყველა თქვენგანი გრძნობდეს, რომ არის მნიშვნელოვანი ამ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში“, - მიმართა პრემიერმა ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს.
ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებულ ცვლილებათა პაკეტზე, რათა, ეკონომიკური დანაშაულისას, თავიდან იყოს აცილებული წინასწარი პატიმრობები;
მთავრობა, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მაქსიმალურ ჩართულობას უზრუნველყოფს. ძირითადი აქცენტი ახალგაზრდებზე და ბიზნესწრეების წარმომადგენლებზე გაკეთდება. „ეს იქნება საზოგადოების თითოეული წევრის ჩართულობის ძალიან მნიშვნელოვანი ლოკომოტივი. ეს ასევე ითვალისწინებს მთელი მთავრობისთვის ერთიანი ე.წ Front ოფისის შექმნას და გადაწყვეტილებების მიღების დროის რეგლამენტირებას“, - განაცხადა პრემიერმა და განმარტა, რომ მთავრობის ადმინისტრაციაში იქნება სპეციალური სამსახური, რომელიც ამ მიმართულების მონიტორინგს განახორციელებს.
გიორგი კვირიკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლიტიკის შემქმნელებად რჩებიან სამინისტროები, თუმცა, ადმინისტრირების გაუმჯობესების მიზნით, გადაწყვეტილებების მიღების ხანგრძლივობის, გამჭვირვალობის და ჩართულობის კონტროლს მთავრობის ადმინისტრაცია განახორციელებს.
პრემიერ-მინისტრი მაქსიმალური აქცენტის გაკეთებას გეგმავს რეგიონების განვითარებაზე.
„ხშირად გვაქვს შეგრძნება, რომ რეფორმებს ვახორციელებთ, მაგრამ რეგიონებში გვაქვს სხვა საქართველო - სხვა ადამიანებით. იქ სხვა რეალობაა და ადამიანებს არ გააჩნიათ შეგრძნება, რომ რაიმე კუთხით გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართულობა აქვთ. ამიტომ, ჩვენი მაქსიმალური აქცენტი გადატანილი იქნება რეგიონების განვითარებაზე, რეგიონული ინფრასრტრუქტურული პროექტების დაჩქარებაზე და ამ პროექტების სწორ პრიორიტეტიზაციაზე, რათა ისინი მაქსიმალურად პასუხობდეს რეგიონში არსებულ მოთხოვნებს და გამოწვევებს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერის შეფასებით, სერიოზული რეფორმებია განსახორციელებელი საგანმანათლებლო სისტემაში.
უპირველეს ყოვლისა, საუბარია სკოლებში ზოგადი განათლების ხარისხის ამაღლებაზე, ქვეყანაში პროფესიული განათლების პრესტიჟის ზრდასა და უმაღლესი განათლების ფუნდამენტურ რეფორმაზე, რომელიც ქვეყანაში არსებული მოთხოვნების დინამიურ კვლევას დაეფუძნება.
„მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად სწორად დაიხარჯოს სამთავრობო რესურსი და არ ვაწარმოებდეთ მომავალ პოტენციურ უმუშევრებს, როგორც ეს, სამწუხაროდ, დღეს ხდება“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ბიზნესმენებს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რასაც ისინი ქვეყნისთვის აკეთებენ და მიაწოდა ინფორმაცია, რომ მთავრობა, უმთავრესი პრიორიტეტების გამოვლენის მიზნით, თითოეული სამინისტროს პორტფელის პრიორიტეტიზაციის პროცესშია. უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტები სამი კრიტერიუმით გამოვლინდება - რამდენად აქტუალურია საკითხი საზოგადოებისთვის, არის თუ არა ის თანხვედრაში ქვეყნის განვითარების სტრატეგიასთან და როგორია მისი გადაჭრის რესურსი.