პოლიტიკა
„SOCARთველო“: აშშ–ის ელჩ იან კელის მიაჩნია, რომ საქართველო არ უნდა იყოს დამოკიდებული მხოლოდ „სოკარ“–ზე, რითაც შოკში ჩააგდო ნაციონალები და მათი მეგობრები

 საქართველო, 20 იანვარი, საქინფორმი. აშშ–ის ელჩმა საქართველოში იან კელი ჟურნალისტის შეკითხვას, რუსულ „გაზპრომთან“ საქართველოს მთავრობის მიმდინარე მოლაპარაკებების თაობაზე, შემდეგნაირად უპასუხა:

 „ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ ენერგოპოლიტიკასთან დაკავშირებით მთავრობა შეძლებისდაგვარად გამჭვირვალე იყოს. გამოვთქვით წუხილი, რომ საქართველო არ გახდეს მეტისმეტად დამოკიდებული ენერგიის ერთ წყაროზე - რომ [მთავრობას] ენერგიის წყაროები დივერსიფიცირებული ჰქონდეს - და მათი განმარტებებით კმაყოფილნი ვართ.

 საქართველოს ხანმოკლე დროით ენერგია სჭირდება და გონივრულია, ელაპარაკო ყველა პოტენციურ ენერგომომწოდებელს. რა თქმა უნდა, მესმის თქვენი შეკითხვა. ჩვენც ძალიან გვაშფოთებს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია, მაგრამ ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობას კარგად ესმის საკითხი და გამოწვევები, რომელიც ამ [საკითხს] ახლავს“, – განაცხადა იან კელიმ 2016 წლის თბილისის ლიდერთა ფორუმზე.

 ამით აშშ–ის ელჩმა საქართველოში, იმ ისტერიის პასუხად, რომელიც „ნაცმოძრაობამ“ და მისმა პოლიტიკურმა პარტნიორებმა – „რესპუბლიკურმა პარტიამ“ და ალასანიას პარტიამ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებების (გაზის მიწოდების 20%–ით გაზრდა) თაობაზე ატეხეს, მხარი დაუჭირა მთავრობას, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძის სახით და განაცხადა, რომ საქართველო არ უნდა იყოს დამოუკიდებული მხოლოდ აზერბაიჯანულ სახელმწიფო კორპორაცია „სოკარ“–ზე (გაზის 80%–ზე მეტის მიმწოდებელი).

 როგორც საქინფორმი იტყობინებოდა, 18 იანვარს აშშ–ის ელჩი „ლიდერთა აკადემია განვითარებისათვის“ პროგრამის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა. პროგრამა, რომელსაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აფინანსებს, სტენფორდის უნივერსიტეტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მიერ ერთობლივადაა ორგანიზებული. პროგრამას სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ფრენსის ფუკუიამა და ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორი ალან ტრეიგერი უძღვებიან. ხუთდღიანი ღონისძიება თავს მოუყრის მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნეს-სექტორის ლიდერებს. ღონისძიების ამოცანაა, მხარი დაუჭიროს საქართველოს მომავალ ლიდერებს და ეფექტური საზოგადოებრივი პოლიტიკის შემუშავებას შეუწყოს ხელი.