უცხოეთი
სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ მხარეზე მებრძოლი საქართველოს მოქალაქეები დახოცეს

 საქართველო, 19 იანვარი, საქინფორმი. სირიაში კიდევ 2 პანკისელი ახალგაზრდა დაიღუპა. დადასტურებული ინფორმაციით გარდაცვლილები არიან 24 წლის რამზან ფარეულიძე, რომელიც სირიაში წასვლამდე სოფელ ბირკიანში ცხოვრობდა და სოფელ ომალოს მკვიდრი, 22 წლის მუხმად თურქოშვილი. ორივე მათგანი ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში იბრძოდა.

 რამზან ფარეულიძე სირიაში დაახლოებით ერთი წლის წინ წავიდა. მანამდე ის თელავში სწავლობდა, იურიდიულ ფაკულტეტზე. სწავლა მან მესამე კურსიდან შეწყვიტა.

 სირიაში წასვლის შემდეგ მისი ოჯახის წევრები რამზანის საქართველოში დაბრუნებას ცდილობდნენ. დედამისი იქ ჩავიდა კიდეც, მაგრამ შვილი საქართველოში დაბრუნებაზე ვერ დაითანხმა. 2015 წელს რამზანს პანკისიდან საცოლე ჩაუყვანეს, 20 წლის გოგონა, რომელიც სოფელ ძიბახევში ცხოვრობდა.

 რაც შეეხება მუხმად თურქოშვილს, ის პანკისიდან სირიაში დაახლოებით ერთი წლის წინ წავიდა. მანამდე გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის თურქეთში ცხოვრობდა ოჯახის სხვა წევრებთან ერთად. მუხმად თურქოშვილს პანკისში ცოლი და ერთი შვილი დარჩა.

 სირიაში საბრძოლო მოქმედებებში უკვე 14 პანკისელი დაიღუპა;

24 წლის რამზან ფარეულიძე;

22 წლის მუხმად თურქოშვილი;

23 წლის თურფალ ბორჩაშვილი;

33 წლის იბრაჰიმ ცათიაშვილი;

24 წლის დავით სვიაკაური;

18 წლის ისრაფილ ცათიაშვილი;

21 წლის ჯაბრაილ ცათიაშვილი;

22 წლის გურამ გუმაშვილი;

18 წლის ბესო კუშტანაშვილი;

36 წლის რუსლან მაჩალიკაშვილი;

24 წლის ხალიდ აჭიშვილი;

26 წლის ჰამზათ აჭიშვილი;

აბდულ-მალიქ მუთოშვილი;

23 წლის რუსტამ გელაევი;

არსებული ინფორმაციით, პანკისის ხეობიდან სირიაში 50–მდე ახალგაზრდა იბრძვის ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მხარეს, რომლის ორი ლიდერიც, თარხან ბათირაშვილი და მურად მარგოშვილი პანკისის ხეობიდან არიან.

ick.ge