აქტუალური
მაისში ქართულ-ამერიკული სწავლება „Noble Partner 2016“ გაიმართება

 საქართველო, 19 იანვარი, საქინფორმი. ვაზიანში, IV მექანიზირებული ბრიგადის საკონფერენციო დარბაზში ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლების ღირსეული პარტნიორის („Noble Partner 2016“) დაგეგმვის ძირითადი კონფერენცია გაიმართა.

 კონფერენციის მონაწილეებმა ქართულ-ამერიკული სწავლების დაგეგმვის დეტალები და განხორციელების საკითხები განიხილეს. სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ საქართველოში მეორედ იმართება და მისი ამოცანა, ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის გაზრდა და საქართველოსა და შეერთებული შტატების ჯარების თანამშრომლობის გაძლიერებაა.

 ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლება ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიასა და სამხედრო პოლიგონზე მაისში ჩატარდება. წვრთნაში საქართველოს შეიარაღებული ძალების I მსუბუქი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის „ალფა“ ასეული და IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის ერთ-ერთი მექანიზირებული ასეული მიიღებს მონაწილეობას. ამერიკის მხრიდან სწავლებაში აშშ-ის არმიის სხვადასხვა მექანიზირებული და ქვეითი დანაყოფები ჩაერთვებიან.