საქართველო, 19 იანვარი, საქინფორმი. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს - ჯონ რეიდერსა და ბენ ფარსერს თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა შოთა ღვინერიამ უმასპინძლა. შეხვედრას აშშ-ის თავდაცვის ატაშე საქართველოში, პოლკოვნიკი მეთიუ დიმიკიც დაესწრო.
კონგრესის წარმომადგენლებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გააქტიურებისა და საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს. შოთა ღვინერიამ სტუმრებს ვარშავაში დაგეგმილ ნატოს სამიტთან დაკავშირებით საქართველოს მოლოდინები გააცნო. კონგრესის წარმომადგენლებმა მზაობა გამოთქვეს, რომ ამ მიმართულებით ხელს შეუწყობენ აშშ-სა და საქართველოს ორმხრივ თანამშრომლობას.
შოთა ღვინერიამ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლებს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოსა და რუსეთის პოლიტიკის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. ამერიკულმა მხარემ გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისთვის საქართველოს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.
შეხვედრის დასასრულს მინისტრის მრჩეველმა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლების სტუმრობის მნიშვნელობაზე ისაუბრა: „საგარეო საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლები დაგვპირდნენ, რომ ხელმძღვანელობასთან ჩაიტანენ იმ გზავნილებს, რომლებიც თბილისში მიიღეს და მაქსიმალურად შეუწყობენ ხელს, რათა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისას კონგრესი კიდევ უფრო აქტიური მხარდამჭერი იყოს“.