საქართველო, 19 იანვარი, საქინფორმი. შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,
ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 6 პირი: წარსულში განზრახ მკვლელობისთვის ნასამართლევი თემურ ბ., წარსულში სამჯერ ნასამართლევი ნოდარ ა., წარსულში განზრახ მკვლელობისთვის ნასამართლევი კობა შ., ივანე გ., ქეთევან ხ. და დარიკო შ. ახალციხის რაიონის სოფელ ტყემლანაში დააკავეს.
2016 წლის 10 იანვარს კობა შ. დანაშაულის მომზადების და დაგეგმვის მიზნით დაუკავშირდა ნოდარ ა-ს, თემურ ბ-ს და ივანე გ-ს. ისინი შეიკრიბნენ ქეთევან ხ-ს საცხოვრებელ სახლში, სადაც დაგეგმეს
ნინოწმინდაში, ფულის გატაცების მიზნით, ბაგრატ ს-ზე ყაჩაღურად თავდასხმა. 13 იანვარს ბრალდებულები ბაგრატ ს-ს საცხოვრებელ სახლში მივიდნენ, მის მეუღლეს მოტყუებით გააღებინეს კარი, ძალადობითა და ძალადობის მუქარით ემა ს-ს და მის დედამთილს, სონიკ ს-ს ფული და ძვირფასეულობა მოსთხოვეს. სონიკ ს-მ ბრალდებულებს წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც თემურ ბ-მ მას დანით ყელის არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. სონიკ ს. მიყენებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ბრალდებულები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.