სამართალი
„ქირიას მკვლელმა თავი მოიკლა“ – შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

 საქართველო, 19 იანვარი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია: „2016 წლის 15 იანვარს შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოში გამოძიება დაიწყო სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის ვახტანგ ქირიას თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე.

 გამოძიებით დადგინდა, რომ 2016 წლის 13 იანვარს, დაახლოებით 16:15 საათზე, ვახტანგ ქირია სახლიდან გავიდა და მისი ადგილსამყოფელი რამდენიმე დღის განმავლობაში ოჯახის წევრებისთვის უცნობი იყო.

 16 იანვარს ვახტანგ ქირიას ცხედარი აღმოჩენილი იქნა თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, მე-7 კვარტლის 24-ე კორპუსის ერთ-ერთ დაკეტილ საცხოვრებელ ბინაში. მას სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები და ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობები, ხოლო თავის არეში - ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები. დადგინდა, რომ ბინა, რომელშიც ვახტანგ ქირიას ცხედარი აღმოჩნდა, ნაქირავები ჰქონდა 1962 წელს დაბადებულ ბიძინა კუჭავას. საქმე გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მიღებული იქნა ოპერატიული შეტყობინება, რომ ბიძინა კუჭავა ორ პირთან ერთად მერსედესის მარკის ავტომანქანით გადაადგილდებოდა საბურთალოდან ორთაჭალის მიმართულებით. ხსენებული ავტომანქანა შეაჩერა საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟებმა. პოლიციელების დანახვისთანავე, ბიძინა კუჭავამ ამოიღო მასზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი და თავის არეში განახორციელა ერთი გასროლა, რის შედეგადაც ადგილზევე გარდაიცვალა.

გამოძიებით დგინდება, რომ ვახტანგ ქირიასა და ბიძინა კუჭავას აკავშირებდათ ნათესაური და საკმაოდ ახლო კავშირი და ჩადენილი დანაშაული შეხებაში არ არის ვახტანგ ქირიას სამსახურებრივ საქმიანობასთან“, – ნათქვამია, კერძოდ, აღნიშნულ განცხადებაში.