სამართალი
„საქართველოში უკვე არსებული მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების მფლობელებს არანაირი საფრთხე არ ემუქრება“ – პრემიერი კვირიკაშვილი

 საქართველო, 18 იანვარი, საქინფორმი. აღნიშნული განმარტება მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების ახალი პარტიების შემოტანისა და რეგისტრაციის აკრძალვასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე, პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

 „მათ, ვისაც ჰყავთ შეძენილი მარჯვენასაჭიანი ავტომანქანები, შეუძლიათ, რამდენჯერაც ნებავთ, გაასხვისონ, ან გადააფორმონ. საუბარი იყო ახალი პარტიების შემოტანის ვადაში შეზღუდვაზე. დარწმუნებული ვარ, არა მხოლოდ მთავრობის, არამედ საზოგადოების უდიდესი ნაწილის ნებას გამოვხატავ, როდესაც ვამბობ, რომ ეს არის აუცილებლად გასაკეთებელი და ამ საკითხში ნაბიჯი უკან არ იქნება. ეს, უპირველეს ყოვლისა, ემსახურება თბილისის მცხოვრებთა ინტერესებს, რადგან თბილისში არის საშინელი მდგომარეობა, მოძრაობა გადატვირთულია და თუ ასე გაგრძელდა, სულ უფრო უარესი ვითარება გვექნება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 აგრეთვე, გიორგი კვირიკაშვილი სრულ მხარდაჭერას უცხადებს შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს და ყველა პოლიციელს, რომელიც დანაშაულის წინააღმდეგ სამართლიანად იმოქმედებს.

 პრემიერი შინაგან საქმეთა მინისტრის ამასწინანდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, დანაშაულთან ბრძოლის პროცესში, არც ერთი თანამდებობის პირისა თუ მათთან დაახლოებული ადამიანის თხოვნა არ იქნება გათვალისწინებული.