პოლიტიკა
პრემიერი კვირიკაშვილისა და სახელმწიფო რწმუნებულების სამუშაო შეხვედრაზე რეგიონების პრობლემები და ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს

 საქართველო, 18 იანვარი, საქინფორმი.  შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა თითოეული რეგიონის საინვესტიციო პოტენციალზე, რეგიონების განვითარების პერსპექტივებზე, ინვესტიციების მოზიდვის გზებზე, რამაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარება უნდა უზრუნველყოს. საუბარი შეეხო რეგიონის მოსახლეობის პირველად საჭიროებებს, მათ შორის გაზიფიცირების, გზებისა და სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაციის პროექტებს.

 გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა რეგიონის ახალგაზრდობის ჩართულობის აუცილებლობას ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროცესებში.

 პრემიერ-მინისტრმა მოისმინა გუბერნატორების მოსაზრებები და წინადადებები სამომავლო გეგმების შესახებ და სახელისუფლებო შტოებთან კომუნიკაციის გაძლიერებაზე. 

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას დაესწრნენ: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ენერგეტიკის მინისტრი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ეკონომიკური საბჭოს მდივანი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.