საქართველო, 18 იანვარი, საქინფორმი. ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ვიზიტისას, ქაბულის შემდეგ თინათინ ხიდაშელი გენერალური შტაბის დელეგაციასთან ერთად ბაგრამის საავიაციო ბაზას ესტუმრა, სადაც ამჟამად „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას 22-ე ბატალიონისა და ეროვნული გვარდიის ოცეულის პირადი შემადგენლობა ასრულებს.
თავდაცვის მინისტრი ბაგრამის საავიაციო ბაზის ხელმძღვანელს, გენერალ-მაიორ როჯერ ბანისტერსაც შეხვდა.
„გენერალმა მადლობა გადაგვიხადა ბოლო ინციდენტის დროს ქართველი სამხედროების მიერ გამოჩენილი განსაკუთრებული დამსახურებისთვის, როდესაც მათ აფეთქების შედეგად დაჭრილი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები გადაარჩინეს. ასეთი ამბები შეუმჩნეველი არ რჩებათ ამერიკელებს. ისინი მუდმივად გამოხატავენ მადლიერებას და სურთ დაგვიმტკიცონ, რომ წვლილი, რომელიც ჩვენ შეგვაქვს უსაფრთხოებასა და ამ ბაზის საქმიანობაში, აბსოლუტურად შეუფასებელია. ჩვენც ვცდილობთ, რაც შეიძლება ამაყად ვატაროთ ქართული დროშა“, - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა ამერიკელ გენერალთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის უწყების დელეგაცია ქართველი სამხედროების დაჯილდოების ცერემონიალსაც დაესწრო. 22-ე ბატალიონისა და ეროვნული გვარდიის იმ სამხედრო მოსამსახურეებმა, რომლებიც 2015 წლის 21 დეკემბერის ინციდენტისას ამერიკელი ჯარისკაცების გადარჩენაში უშუალოდ იყვნენ ჩართულები, უწყებრივი მედლები "სიცოცხლის გადარჩენისთვის" მიიღეს.