საქართველო, 15 იანვარი, საქინფორმი. პრემიერი კვირიკაშვილი კომპანია „სოკარ“–ის ხელმძღვანელობას შეხვდა. „მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სტრატეგიული თანამშრომლობა კომპანია „სოკართან“ უაღრესად მნიშვნელოვანია“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა კომპანია „სოკარის“ პრეზიდენტ როვნაგ აბდულაევთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
„აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. მიუხედავად ბოლო პერიოდში არსებული პოლიტიკური სპეკულაციებისა, მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სტრატეგიული თანამშრომლობა კომპანია „სოკართან“ უაღრესად მნიშვნელოვანია და ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ მომავალი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები. ვფიქრობ, არანაირ ტექნიკურ წინაღობას არ შეუძლია ხელი შეუშალოს ჩვენი თანამშრომლობის განვითარებას“, – აღნიშნა პრემიერ–მინისტრმა კვირიკაშვილმა შეხვედრაზე.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს „შაჰდენიზის“ მეორე ფაზის პროექტის მნიშვნელობას, რომლის დასრულების შემდეგ დამატებითი მოცულობის გაზს საქართველო 2019 წლიდან მიიღებს.
კომპანია „სოკარის“ პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას მნიშვნელოვანი უწოდა. როვნაგ აბდულაევმა, ასევე, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის სახელით, გიორგი კვირიკაშვილს ახალი წელი და პრემიერ–მინისტრის პოსტზე დანიშვნა მიულოცა.