სამართალი
„მზად ვართ საქართველოს პრეზიდენტთან ვითანამშრომლოთ, მიუხედავად იმისა, რომ მასთან ანგარიშვალდებული არ ვართ“ – ირაკლი შოთაძე

 საქართველო, 15 იანვარი, საქინფორმი.  მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე აცხადებს, რომ მზადაა პრეზიდენტთან თანამშრომლობისათვის.

 "ეს არის კომუნიკაციის პრობლემა. მზად ვართ საქართველოს პრეზიდენტთან ვითანამშრომლოთ. მიუხედავად იმისა, რომ მასთან ანგარიშვალდებულება არ გვაქვს. მოგვმართავს ოფიციალურად შესაბამისი კითხვებით და ჩვენ მზად ვართ პასუხები გავცეთ. რაც შეეხება ფოტოგრაფების საქმეს, მე მინდა გითხრათ, რომ აქტიურად მიმდინარეობს გამოძიება, ჩვენს საქმეს გრიფი არ ადევს გრიფი ედო ძველ საქმეს", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სისტემური დანაშაულის შესახებ საქმეებთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურას 6–კითხვიანი წერილით მიმართა. ინფორმაცია ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ გაავრცელა.

 ფოტოგრაფების საქმის ხელახალი გამოძიება ორი წლის წინ დაიწყო, თუმცა ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძისთვის გაუგებარი იყო, რატომ არ მოხსნეს გრიფი წლების წინ გასაიდუმლოებულ საქმეს. ამ დრომდე უცნობია, თუ რომელმა უწყებამ მოითხოვა საქმის გასაიდუმლოება.