რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: “თურქეთის დაზვერვა ბათუმში ტერაქტს მოაწყობს და აჭარის დაცვის საბაბით იქ ჯარს შეიყვანს, რის შემდეგაც რუსეთი ყარსის ხელშეკრულებას გაწყვეტს”

 “გაუმართლათ უკრაინელებს, მაგარი წელი ელოდებათ, მთავარი მაიმუნი - სააკაშვილი ოდესაშია!” - იხუმრა რეზო ამაშუკელმა. პოეტი მართალია - 2016 წლის 8 ნოემბერს აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება და პრეზიდენტი რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი დონალდ ტრამპი გახდება. ტრამპი პუტინს ძლიერ, პოპულარულ ლიდერად თვლის და პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მასთან ურთიერთობის მოგვარებას აპირებს, პუტინს კი ტრამპი საპრეზიდენტო მარათონის უპირობო ლიდერად და გამორჩეულ, ნიჭიერ ადამიანად მიაჩნია. ეს ნიშნავს, რომ აშშ-ის ახალი პრეზიდენტის დროს ანტირუსული ტრენდი მოდიდან გამოვა და აშშ-ის რესპუბლიკური პარტია უკრაინაში სააკაშვილის მხარდაჭერას შეწყვეტს. მიშას მოიშორებენ და ეს უკრაინელებისთვის დიდი იღბალი იქნება.

 აი, საქართველოსთვის კი შესაძლებელია, 2016 წელი ნაკლებად იღბლიანი იყოს - მან, შესაძლოა, ისევ დაკარგოს ტერიტორიები, თუკი ოფიციალური თბილისი დაემორჩილება ანკარის ზეწოლას, აგრეთვე თავდაცვის მინისტრ ხიდაშელის, საქართველოს რესპუბლიკური პარტიისა და პრეზიდენტ მარგველაშვილის ხრიკებს.

 ისტორიული ფაქტი: საქართველოსთვის თურქეთი მუდამ აგრესორი და ოკუპანტი იყო. მართლმადიდებელი ქართველების ღვთივკურთხეული ქვეყნის საბოლოოდ დაპყრობაში თურქებს ხელი მხოლოდ რუსეთმა შეუშალა, როდესაც 1783 წლის 24 ივლისს ერთმორწმუნე საქართველოსთან გეორგიევსკის ტრაქტატს ხელი მოაწერა. მაგრამ თურქეთის მმართველები აგრძელებდნენ ოცნებას ქართველი ქალებივით მიმზიდველი საქართველოს დამონებაზე, რომელზეც გადის აბრეშუმის დიდი გზა აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ; გზა ჩრდილოეთ კავკასიისკენ, მაშასადამე - რუსეთისკენ; აზერბაიჯანისკენ, ანუ - კასპიის საგანძურისკენ; გეოპოლიტიკურ ჩიხში მომწყვდეული სომხეთისკენ. ამიტომ 1920 წლის 28 იანვარს თურქეთის მეჯლისმა (პარლამენტმა) მიიღო “ეროვნული აღთქმა” - ოფიციალური დოკუმენტი, რომელმაც განსაზღვრა თანამედროვე თურქეთის საზღვრები და რომლის მიხედვითაც აჭარა თურქეთის ბათუმის ოლქი (ვილაიეთი) გახლავთ.

 ხოლო 2921 წლის 13 ოქტომბერს, ყარსის ხელშეკრულებით ერთი მხრივ - თურქეთს და მეორე მხრივ - საქართველო-სომხეთ-აზერბაიჯანს შორის, თურქეთს მიეკუთვნა: ძირძველი ქართული ტერიტორია ტაო-კლარჯეთი (ართვინი, არტაანი, ერზერუმი); სომხური მიწები - პროვინცია ყარსი ქალაქი ყაგიზმანით და ერევნის გუბერნიის სურმალინის მაზრა არარატის მთითურთ; ხოლო აზერბაიჯანის პროტექტორატის ქვეშ გადავიდა ერევნის გუბერნიის ნახჭევანის მაზრა. ყარსის ხელშეკრულებით, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი თურქეთის საზღვარი სარფიდან ნახჭევანამდე, ბათუმზე სუზერენიტეტი საქართველოს გადაეცემოდა - იმ პირობით, რომ ამიერკავკასიის 3 ზემოთ ჩამოთვლილ რესპუბლიკას, რომლებიც ყარსის ხელშეკრულებით ერთი მხარის სტატუსით სარგებლობდნენ, გარანტად რუსეთი (რსფსრ) დაუდგებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ 100 წლით დადებული ყარსის ხელშეკრულების ვადა 5 წელიწადსა და 9 თვეში - 2021 წლის 21 ოქტომბერს იწურება, რუსეთსა და თურქეთს მისი ცალმხრივად დენონსირება შეუძლიათ, ხოლო საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს, რომლებიც დოკუმენტში ერთი მხარის სტატუსით სარგებლობენ, ყარსის ხელშეკრულებიდან ცალ-ცალკე გასვლის უფლება არ აქვთ.

 თუმცა, ეს არც სურთ, რადგან ყარსის ხელშეკრულების დენონსაციით მხოლოდ სომხეთი მოიგებს - თურქეთი ვალდებული იქნება, მას ტერიტორიის 30% დაუბრუნოს, ხოლო აზერბაიჯანმა - ნახჭევანი. საქართველოს კი თურქეთისთვის აჭარის დათმობა მოუწევს.

 თურქეთს ცალმხრივად - რუსეთის გარეშე - ყარსის ხელშეკრულების დენონსირება ასევე არ სურს, სანუკვარ ბათუმში შესვლას ხომ ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე მეორე მხარის გარანტი - რუსეთი არ დაანებებს, რომელმაც ბოლო 300 წლის განმავლობაში 30-ჯერ იომა თურქეთთან და 30-ჯერვე გაიმარჯვა. რუსეთი კი, თურქეთის მხრიდან მაცდური წინადადებების მიუხედავად, ყარსის ხელშეკრულებიდან არ გამოდის - მუდმივად ვადას აგრძელებს, თავის გარანტიებს ადასტურებს და საქართველოს თურქეთის საჯიჯგნად არ ტოვებს. უკანასკნელად ეს 2008 წლის 14 აგვისტოს მოხდა, როდესაც რეჯეფ ტაიიპ ერდოღანი (თურქეთის ახლანდელი პრეზიდენტი, მაშინ კი - პრემიერ-მინისტრი) და მეჯლისის წევრები (თურქი პარლამენტარები) სასწრაფოდ ჩაფრინდნენ მოსკოვში და პუტინს ევედრებოდნენ, საქართველო რუსეთსა და თურქეთს შორის გაეყო. ამისათვის რუსეთს, რომელსაც სააკაშვილმა ომი გამოუცხადა და ცხინვალში მისი მშვიდობისმყოფელები დახოცა, უბრალოდ, ყარსის ხელშეკრულებაში საქართველოს გარანტად ყოფნაზე უარი უნდა ეთქვა. ამ შემთხვევაში აჭარა თურქეთის სუზერენიტეტში ბრუნდებოდა, თურქეთის ჯარები ბათუმში შემოვიდოდნენ, ხოლო რუსეთი, თურქების ჩანაფიქრით, საქართველოს მთელ დანარჩენ ტერიტორიას მიიღებდა აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან ერთად. 2009 წლის 3 მარტს საქართველოს შინაგან საქმეთა მაშინდელმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ეს ფაქტი დაადასტურა: “თურქეთი მზად იყო, რუსეთ-საქართველოს ომის დროს აჭარაში თავისი შეიარაღებული ძალები შემოეყვანა, თუ საქართველოს ხელისუფლება რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ვერ შეძლებდა”, - აღნიშნა მან ქართულ საინფორმაციო სააგენტოსთან ინტერვიუში.

 მაგრამ მერაბიშვილს სიმართლე ბოლომდე არ უთქვამს - თურქეთმა აჭარაში თავისი ჯარი არ შემოიყვანა იმიტომ კი არა, რომ საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ, რომელსაც საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვაც კი არ ძალუძდა, აჭარის უსაფრთხოება უზრუნველყო, არამედ იმიტომ, რომ რუსეთმა თურქებს ეს მკაცრად აუკრძალა.

 მაგრამ ერდოღანმა, თავისი თურქული ჭკუით, რუსეთს დღემდე ვერ გაუგო - რატომ მიაბრუნა მან თავისი ტანკები 2008 წლის აგვისტოში თბილისიდან რამდენიმე კილომეტრში, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი ბუშიც კი უკვე შეეგუა საქართველოს დაკარგვას და ცდილობდა, საფრანგეთის პრეზიდენტ სარკოზისთვის თბილისსა და მოსკოვში გამგზავრება გადაეფიქრებინა? ერდოღანი, თავისი თურქული არშინით, ვერ გაზომავს რუსეთის მასშტაბებს და დღემდე ვერ ხვდება - რატომ რჩება რუსეთი იმ საქართველოს დამცველად, რომელიც დსთ-დან გამოვიდა და ევრაზიულ კავშირში შესვლას არ აპირებს; ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოაწერა და ნატო-ს ყველა ოპერაციაში მონაწილეობს ერაყსა და ავღანეთში; თავის ტერიტორიაზე ნატო-ს სასწავლო ცენტრი და საპარტნიორო ოფისი გახსნა? თურქები გაოგნებული არიან - რატომ აგრძელებს რუსეთი თურქეთის წინაშე ევროატლანტიკური საქართველოს გარანტად ყოფნას, რომელმაც ნატო-ში და ევროკავშირში შესვლა თავის უალტერნატივო საგარეო პოლიტიკურ კურსად გამოაცხადა და დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა რუსეთთან, როგორც ოკუპანტთან, აგრესორთან და საქართველოს №1 მტერთან?

 ერთი რამ თურქეთში კარგად გაიგეს - რუსეთი თავის ძველ მართლმადიდებელ მეზობლებს არ ღალატობს, როგორი უვარგისებიც უნდა იყვნენ მათი დროებითი მმართველები. ერდოღანი მიხვდა, რომ თურქეთს აჭარის დაბრუნებაში ხელს საქართველო კი არა, რუსეთი უშლის! ამიტომ ანკარამ ვერაგული გეგმა შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც თურქეთი მთელი ეს წლები თავს რუსეთის მეგობრად ასაღებდა, სინამდვილეში კი ხელსაყრელ მომენტს ელოდებოდა, რათა მისთვის ზურგში დანა ჩაეცა, რაც გააკეთა კიდეც 2015 წლის 24 ნოემბერს, როდესაც რუსული ბომბდამშენი სუ-24 ჩამოაგდო. თურქეთმა დღეს გადაწყვიტა, რომ მისი დრო დადგა - რუსეთი ორ ფრონტზე ომისგან იხლიჩება - სირიასა და უკრაინაში - ამიტომ ახლა მას აჭარისთვის არ სცხელა.

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიიპ ერდოღანს ესმის, რომ 2016 წლის 8 ნოემბრის შემდეგ, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდება, მას მოუწევს, დაემშვიდობოს ოცნებას მთელი მუსლიმანური სამყაროს ხალიფობაზე და ისლამური სახელმწიფოსა და საუდის არაბეთის მხარდაჭერით ირანის დაპყრობაზე.

 რადგან ტრამპი, რომელიც მკაცრად აკრიტიკებს თავის ქვეყანას - აშშ-ს - ისლამური სახელმწიფოს შექმნისა და მხარდაჭერისთვის, ნამდვილად არ დაინდობს მის მხარდამჭერ ერდოღანს, რომელიც ისლამური სახელმწიფოს ნაპარავი ნავთობის კონტრაბანდით გამდიდრდა და საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ მებრძოლ რუსეთს ომი გამოუცხადა. ამიტომ თურქეთმა თავისი უპირატესობები აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებამდე უნდა გამოიყენოს - ანუ იმ 10 თვის განმავლობაში, რაც 2016 წლის ნოემბრამდე დარჩა.

 უპირატესობები კი დღეს თურქეთს აქვს, ის ხომ აშშ-ის ერთადერთი მსხვილი სამხედრო-პოლიტიკური მოკავშირეა ისლამურ სამყაროში, ერთ-ერთი ქვეყანაა იმ მცირეთაგან, სადაც თურქეთისა და აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ერთობლივ სამხედრო ბაზაზე ათეულობით ამერიკული ბირთვული ავიაბომბი В-61 ინახება; თურქეთი რეგიონული ზესახელმწიფოა, რომელსაც კავკასიის გაკონტროლების ამბიცია აქვს; ნატო-ს წევრი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც საქართველოს ესაზღვრება და ნატო-ში რაოდენობითა და ბრძოლისუნარიანობით მეორე არმია ჰყავს ამერიკული არმიის შემდეგ.

თურქეთის ვერაგული გეგმის მეორე ნაწილი უშუალოდ საქართველოს ეხება: თურქეთს აჭარის ავტონომია უკიდურესად ისლამიზებული მოსახლეობის მქონე პროთურქულ რესპუბლიკად უნდა გადაექცია, რომელიცХ” დღეს თურქეთს საქართველოსა და ქართველებისაგან დაცვას სთხოვდა - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მსგავსად, რომლებმაც დახმარება რუსეთს სთხოვეს.

 ამისათვის ნიადაგი საქართველოში წლების მანძილზე მზადდებოდა, ჯერ კიდევ პრეზიდენტ შევარდნაძის დროიდან. სწორედ მაშინ, 1991 წლიდან, თურქული სპეცსამსახურების მიერ მოსყიდული ქართველი ინტელიგენციის ნაწილმა, უმეცართა გამყიდველმა კასტამ, თავის თავს პოლიტოლოგებს - ყველაფრის ექსპერტებს რომ უწოდებენ, ქართულმა მასმედიამ და ზოგიერთმა პოლიტიკოსმა “ცრემლიანი” კამპანია წამოიწყეს “ტირანი” სტალინის მიერ გადასახლებული  “ჩვენი უბედური ძმების” - თურქი მესხების “სამშობლოში” დასაბრუნებლად. ამ თემაზე იღებდნენ “გულისამაჩუყებელ” ფილმებს, ბეჭდავდნენ სტატიებს, ქმნიდნენ საკანონმდებლო ბაზას - ყველაფერს ვერც ჩამოვთვლით.

 მაგრამ რეალურად ამ პროცესის დაწყება სააკაშვილმა სცადა, რომელმაც თავისი პრეზიდენტობის უკანასკნელ დღეებშიც კი ფარულად ჩამოურიგა თურქებს ათასობით ქართული პასპორტი. და რომ არა სამცხე-ჯავახეთის სომეხი მოსახლეობის მკვეთრი პროტესტი, ეს სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზრდებოდა. თუმცა, სააკაშვილმა სხვა გამოსავალს მიაგნო - სომხებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონის ნაცვლად თურქების მიპატიჟება სამცხე-ჯავახეთთან მოსაზღვრე აჭარაში დაიწყეს.

 სააკაშვილის დროს არნახული მასშტაბები მიიღო თურქეთის რელიგიურმა ექსპანსიამ, განსაკუთრებით აჭარასა და აზერბაიჯანელებით დასახლებულ ქვემო ქართლის რეგიონში, სადაც ასობით ახალი მეჩეთის შენება დაიწყეს, თითქოს უკვე არსებულები უცბად საკმარისი არ აღმოჩნდა... ისინი მართლაც აღარ კმაროდა თურქეთიდან, აგრეთვე ირანიდან და ჩრდილოეთ კავკასიიდან მუსლიმანთა დიდი ნაკადის შემოსვლის გამო, მაგრამ არა მხოლოდ ამიტომ. 2015 წლის 24 აგვისტოს პუბლიკაციაში “ისლამური სახელმწიფო მალე საქართველოს თითოეულ მეჩეთში იქნება! – “დეიდა ნინა თბილისიდან” და პროგნოზი, რომელიც 4 წლის შემდეგ ახდა” მე ვაფრთხილებდი: “ისლამური სახელმწიფოს გადამბირებლები და პროპაგანდისტები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე თითოეულ მეჩეთში შეაღწევენ - როგორც ისლამის კერებსა და მუსლიმანთა წმინდა ადგილებში. მოსამზადებელი აგიტაციის შემდეგ კი, როდესაც ერთმორწმუნეებს საქართველოსა და კავკასიაში ისლამური სახელმწიფოს გეგმებსა და ამოცანებს აუხსნიან, რომლებსაც შთამბეჭდავად გაამყარებენ დოლარებით, პანკისის ხეობის მცხოვრებნი, რომელთაგან ზოგიერთს ისლამურ სახელმწიფოში მაღალი მდგომარეობა უკავია, თავიანთი რაზმებით საქართველოში დაბრუნდებიან”. და მხოლოდ ქართველი საზოგადოების მძაფრმა პროტესტმა ბათუმში უზარმაზარი მეჩეთის - აზიზიეს კომპლექსის მშენებლობასთან დაკავშირებით ოდნავ შეანელა თურქეთის რელიგიური ექსპანსია საქართველოში.

 კიდევ უფრო დიდი გასაქანი მიეცა საქართველოში თურქულ ფინანსურ-ეკონომიკურ ექსპანსიას - თურქეთმა მთელი იმპორტის მონოპოლიზება მოახდინა, აავსო რა საქართველო უხარისხო ფართო მოხმარების საქონლით და ჯანმრთელობისათვის სახიფათო საკვები პროდუქტებით, რომელთა შორიდან ჩამოტანა და საქართველოში გაყიდვა უფრო იაფი აღმოჩნდა, ვიდრე ხარისხიანი ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია. ესეც იმ კანონმდებლობის წყალობით მოხდა, რომელიც თურქული ინტერესების გათვალისწინებით საგანგებოდ შექმნეს პრეზიდენტმა სააკაშვილმა და მისმა ბიზნეს-დედიკომ, თურქოლოგმა გიული ალასანიამ - ქალმა, რომელიც თურქ პარტნიორებს მხურვალედ უყვართ და, შესაბამისად, მათ “წილშიც უზის”.

 აი, რა განუცხადა ამასთან დაკავშირებით 2012 წლის 21 მარტს ალექსანდრე ჭაჭიამ :

 “საიდუმლოებას არ წარმოადგენს, რომ აჭარის ახალი ობიექტები, რომლებითაც ასე ამაყობს სააკაშვილის ხელისუფლება, თურქების აშენებულია და მათი საკუთრებაა. ფეშენებელური სასტუმროებისა და სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა აჭარაში შეუძლებელია, რენტაბელური იყოს: ქართველებს ფული არა აქვთ, რომ ამით ისარგებლონ, ხოლო სომხური ტურისტული ნაკადი ასეთი სიმძლავრეების ასათვისებლად საკმარისი არაა, თანაც საკურორტო სეზონი აჭარაში ძალიან ხანმოკლეა. თურქები მიწას ყიდულობენ და თავიანთ ობიექტებს აშენებენ იმის იმედად, რომ ცოტა ხანში თანამემამულეებისთვის საცხოვრებელ ბინებად მათ რეალიზებას შეძლებენ. მე მითხრეს, რომ დღეს ბათუმში 23 ათასი თურქია ჩაწერილი. თუ ეს სიმართლეა, მაშინ ეს საკმაოდ სოლიდური რაოდენობაა. ამდენ თურქს მთელ აჭარაშიც არასოდეს უცხოვრია, მაშინაც კი, როდესაც იგი ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო.

 თურქები ჩვენს ოფიციალურ თანხმობას მხოლოდ ზრდილობის გამო ითხოვენ. დღეს მათ აჭარაში ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ, რაც მოესურვებათ და ხელს ვერავინ შეუშლის! საქართველოს ხელმძღვანელობას მშვენივრად ესმოდა, რომ აჭარაზე კონტროლი ნელ-ნელა თურქების ხელში გადადის, მაგრამ ამას ვერ შეეწინააღმდეგა. თურქებს რომ აჭარასა და თბილისში ობიექტების შენება შეეწყვიტათ, მაშინ რაღას წარმოადგენდა სააკაშვილი, როგორც თავისი მმართველობის შედეგს? შადრევანს ზუგდიდში? გადაღებილ ფასადებს  პლეხანოვზე? სად მიიყვანდნენ უცხოელ სტუმრებს?!”.

 ამავდროულად, ჯერ კიდევ შევარდნაძის მმართველობისას, თურქეთმა დაიწყო საქართველოდან სტრატეგიული ნედლეულის - ლითონების, ხეტყის და სსრკ-ის დროიდან დარჩენილი ქარხნებისა და წარმოებების აღჭურვილობის გატანა, ამასთან, დაზგები და სხვა ძვირად ღირებული მოწყობილობები ჯართის ფასად გაჰქონდათ! ქართველები კი ამ დროს თურქეთში მოსამსახურეებად სამუშაოდ მიემგზავრებოდნენ: ქალები - მომვლელებად, ძიძებად, ოფიციანტებად და მეძავებად, მამაკაცები - სამუშაოზე, რომელიც კვალიფიკაციას არ მოითხოვდა, ან საქონლის შესაძენად, რომელიც შემდეგ რეალიზაციისთვის საქართველოს საბითუმო ბაზრებზე შემოჰქონდათ. ამგვარად, თურქეთი მენტალურ ექსპანსიას ახორციელებდა, უნერგავდა რა ქართველებს, რომ ისინი მეორეხარისხოვანი ადამიანები არიან.

 სანამ მშობლები თურქეთისთვის მუშაობდნენ, მათ შვილებს სააკაშვილის დედა - ზემოხსენებული თურქოლოგი გიული ალასანია  “ათვინიერებდა”, რომელმაც თურქული ფულით საქართველოში კერძო თურქულ-ქართული უმაღლესი სასწავლებლების ქსელი გახსნა თავისი ხელმძღვანელობით და, ამგვარად, განათლების სფეროში თურქული ექსპანსია განახორციელა.

 არ შევეხები ისეთ ტევად თემას, როგორიც არის თურქეთის მიერ საქართველოს ენერგეტიკული ექსპანსია - აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით თურქეთში (ჯეიჰანსა და ერზერუმში) მიმავალმა ნავთობისა და ბუნებრივი აირის მაგისტრალურმა მილსადენებმა, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემმა ხაზებმა, აგრეთვე თბოელექტროცენტრალებმა და ჰესებმა, რომლებიც საქართველოში თურქულმა კომპანიებმა ააშენეს, საშვილიშვილოდ დააკავშირეს საქართველო თურქეთთან. აღვნიშნავ მხოლოდ, რომ თურქეთზე ამგვარად მიჯაჭვულმა ქართულმა ეკონომიკამ ქვეყნის პოლიტიკის კარნახიც დაიწყო!

 ამასთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა აღინიშნოს საქართველოში თურქული დაზვერვის დესტრუქციული საქმიანობა, რომლის სასარგებლოდ დღესაც ნაყოფიერად მუშაობს სააკაშვილის დროს არსებული სპეცსამსახურის - კუდ-ის (საქართველოს შსს კონსტუტიციური უსაფრთხოების დეპარტამენტი) მთელი აგენტურა – აგენტები, რომლებიც მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის დროს გადაიბირა კუდ–ის უფროსმა დათა (დავით) ახალაიამ და მისმა მოადგილეებმა, კერძოდ - ვაჟა ლელუაშვილმა, რომელიც პასუხისმგებელი იყო პანკისის ხეობაზე და ლაფანყურის გახმაურებულ ოპერაციაზე. სწორედ ისინი ამზადებდნენ და აგზავნიდნენ „ბოევიკებს“ რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად – ჯერ ჩრდილოეთ კავკასიაში, შემდეგ კი, თურქეთის გავლით, იქაური სპეცსამსახურების დახმარებით – სირიაში, ისლამური სახელმწიფოს რიგებში. სავარაუდოდ, თურქეთის დაზვერვის მითითებით, კუდ-ის აგენტები ინერგებოდნენ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ და სახელისუფლებო სტრუქტურებში, რაც მშვენივრად გამოადგა თურქეთს 2012 წელს, საქართველოში ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ.

 თურქეთის დაზვერვის ხელი შეინიშნება საქართველოში დღეს ატეხილ ისტერიაში ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის მიერ „გაზპრომთან“ და ირანთან წარმოებული მოლაპარაკების გამო –  საპროტესტო აქციებში, რომლებსაც თურქეთის დაზვერვა აწყობს სააკაშვილის ყოფილ მმართველ პარტიასთან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ზემოხსენებულ მოსყიდულ ყველაფრის „ექსპერტებთან“ ერთად, რომელთაგან არცერთს არ გააჩნია ენერგეტიკოსის კვალიფიკაცია (ისინი, ძირითადად, სწავლადაუმთავრებელი ჰუმანიტარები, მასწავლებლები, რეჟისორები, ჟურნალისტები არიან, რომლებსაც ერთი დღეც არ უმუშავიათ სპეციალობით და დასავლური გრანტებით და სპეცსამსახურების ფულით ცხოვრობენ).

თურქეთის დაზვერვის საქმიანობის შედეგია აგრეთვე ის, რომ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მრავალწლიანი ნაყოფიერი ურთიერთობა აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკართან“ და ყაზახეთის სახელმწიფო კომპანია „ყაზტრანსგაზთან“ სკანდალის ზღვრამდე დაიძაბა. თურქეთის დაზვერვის მიზანია – საქართველოს არ ჰქონდეს ენერგომატარებლების ალტერნატიული და იაფი წყაროები, გარდა „სოკარისა“. ამიტომ შემდეგი, ვისაც პრემიერ ღარიბაშვილის შემდეგ გადააყენებენ, შესაძლოა, ვიცე-პრემიერი კალაძე იყოს.

 და აი, უკანასკნელი ამბები: 2016 წლის 8 იანვარს პოლიტიკური ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ცენტრის ხელმძღვანელმა, პოლიტოლოგმა მუბარიზ ახმედოღლუმ გაზეთ „ექოს“ აცნობა, რომ 2016 წლის 23 იანვარს თბილისში შედგება აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელიც თავიდან ბათუმში იყო დაგეგმილი (შეხვედრა თბილისში გადაიტანეს ბათუმში მოსალოდნელი ტერაქტის მაღალი საფრთხის გამო). მინისტერიალზე მთავარი საკითხი იქნება საქართველოს ტერიტორიაზე თურქეთის სამხედრო ბაზის შექმნა: თურქეთმა ჯარი შეიყვანა ერაყში, იქ  მისი სამხედრო ბაზა შეიქმნა. ანალოგიური ბაზის შექმნაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს ყატართან. ზუსტად ასეთივე მიზანი აქვს თურქეთს საუდის არაბეთის მიმართ. ამიტომ მინისტრების მომავალი შეხვედრისას თურქეთი აუცილებლად დააყენებს საკითხს საქართველოს ან აზერბაიჯანის ტერიტორიაზე (ან, შესაძლოა, აქაც და იქაც) თავისი სამხედრო ბაზის შექმნის თაობაზე. თუმცა, აზერბაიჯანის კონსტიტუცია კრძალავს ქვეყნის ტერიტორიაზე უცხოური სამხედრო ბაზების არსებობას. თურქეთის მხრიდან განხილვის უმთავრესი საკითხი სწორედ ეს იქნება“, – აღნიშნავს პოლიტოლოგი.

 (საქართველოში მცხოვრებ სომხებს რომ თავი მოუქონოს და ქვეყანაში თურქეთის სამხედრო ბაზის გახსნის წინ სიფხიზლე მოუდუნოს, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი 2016 წლის 6 იანვარს სომხებთან ერთად შეხვდა შობას სომხეთის სამოციქულო ეკლესიის  საქართველოს ეპარქიის საკათედრო ტაძარში – სურბ გევორქის სომხურ ეკლესიაში მაიდანზე).

 მაგრამ თურქეთმა არ გაითვალისწინა, რომ თურქეთის სამხედრო ბაზა – ეს არის ნატო-ს გაფართოება აღმოსავლეთით, რაც, 2025 წლის 31 დეკემბერს ვ. პუტინის მიერ დამტკიცებული რუსეთის ფედერაციის ეროვნული უსაფრთხოების განახლებული სტრატეგიის, აგრეთვე რუსეთის პრეზიდენტის მიერ გერმანული გამოცემა “Bild”-ისათვის 2016 წლის 5 იანვარს მიცემული ინტერვიუს შესაბამისად, რუსეთის ეროვნული ინტერესებისათვის უმთავრესი საფრთხე და დასავლეთის მთავარი შეცდომაა.

ამიტომ, როგორც კი თურქი ასკერი სარფის სასაზღვრო პუნქტს გადმოკვეთს, რუსეთი გამოვა ყარსის ხელშეკრულებიდან და სომხეთისაკენ სარკინიგზო მიმოსვლას გახსნის საქართველოს ტერიტორიის გავლით. ბუნებრივია, რუსეთი უზრუნველყოფს მოსკოვი-სოხუმი-თბილისი-ერევანის (და პირიქით) მარშრუტით მატარებლების უსაფრთხო მოძრაობას, აი, ბაქო-ახალქალაქი–ყარსის რკინიგზა კი ყოველგვარ აზრს დაკარგავს, ვინაიდან ყარსი სომხური გახდება - თურქეთი იძულებული იქნება, ყარსის ხელშეკრულების პირობების თანახმად, ის სომხეთს დაუბრუნოს.

 თუკი რუსეთი ყარსის ხელშეკრულებას გაწყვეტს, თურქეთი, საერთო ჯამში, ტერიტორიის 30%-ს დაკარგავს, თუმცა, ფაქტი სულაც არ არის, რომ რუსეთი თურქეთს საქართველოსთვის ტაო-კლარჯეთის დაბრუნებას აიძულებს...

P.S.
სამშაბათს, 12 იანვარს, სტამბულში ტერაქტმა დაიგრგვინა, და თუკი შემდეგი ბათუმში მოხდება, ეს იქ თურქული სამხედრო ბაზის გახნისათვის მთავარი არგუმენტი იქნება - ვითომდა, აჭარის დასაცავად. ამგვარი “კეთილშობილური მიზნებისთვის” ბათუმში ტერაქტი, შესაძლოა, თურქეთის დაზვერვამ მოაწყოს, მიუხედავად იმისა, რომ თინა ხიდაშელი ქართველ ხალხს ყურადღებას უდუნებს - აქაოდა, საქართველოში ტერაქტები აბსოლუტურად გამორიცხულიაო! ასევე ფიქრობდნენ პრეზიდენტი სარკოზი და კანცლერი მერკელი, როცა ისლამურ სახელმწიფოსთან მებრძოლ რუსეთს ეკონომიკური სანქციებით სჯიდნენ, სანამ ტერაქტებმა პარიზშიც არ დაიგრგვინა, გერმანიაში კი ასობით ქალი გააპატიურეს. ასევე ფიქრობდა სტამბულის ტერაქტამდე ისლამური სახელმწიფოს არაოფიციალური მოკავშირე პრეზიდენტი ერდოღანიც, რომელმაც თურქეთი სატრანზიტო დერეფნად გადააქცია ბოევიკებისა და ლტოლვილებისთვის, რომლებიც ევროპას არბევენ, რის შესახებაც საზოგადოებას ჯერ კიდევ 2011 წლის 4 აპრილს ვაფრთხილებდი.

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2016 წლის 13 იანვარი