საქართველო, 15 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს მთავრობის მიერ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებების დაწყების შესახებ დისკუსიაში, ქვეყნის ბუნებრივი აირის ბაზარზე პრაქტიკული მონოპოლისტი – „სოკარ ჯორჯიაც“ ჩაერთო, და განცხადებები კომპანიის ხელმძღვანელმა მაირ მამედოვმა გააკეთა.
მამედოვი, პრაქტიკულად, უპირისპირდება საქართველოს ხელისუფლებას და აცხადებს, რომ საქართველოს ბუნებრივი აირით მომარაგებას ნებისმიერი მოთხოვნის პირობებში, „სოკარი“ სრულად უზრუნველყოფს.
თუმცა, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ მიუხედავად ქართული მხარისა და აზერბაიჯანული „სოკარის“ მეტნაკლებად ნაყოფიერი თანამშრომლობისა, აუცილებელია ბუნებრივი აირის მოწოდების საკითხში მაქსიმალური დივერსიფიკაცია. ამ პოზიციის დაფიქსირების აუცილებლობას აჩენს, თავად საქართველოს ხელისუფლებისა და „სოკარის“ თანამშრომლობის წარსული გამოცდილება.
ბოლო წლებში „სოკარს“ ქართულ ბაზარზე უჭირავს გამოხატულად დომინანტური პოზიცია, არა მარტო ბუნებრივი აირის, არამედ საწვავის ბაზარზეც. არსებული გამოცდილების გათვალისწინებით, „სოკარი“ არაკეთილსინდისიერად იყენებს მის პოზიციებს საქართველოში, რითაც არღვევს ბაზრის მთავარ პრინციპს, შესაბამისად, ხსენებულ ბაზრებზე, ფასწარმოქმნა არ ხდება თავისუფალი კონკურენციის პირობებში.
ფაქტი 1. ავტოგაზი
მოგეხსენებათ, ავტოგაზის ბაზარზე სოკარი ერთადერთი საბითუმო მიმწოდებელია, თავადვე ფლობს საცალო ქსელის მნიშვნელოვან წილს. 2014 წელს ამ კომპანიამ საცალო ქსელში კონკურენტებს გაუზარდა მიწოდების ფასი, ხოლო საკუთარ ქსელში საბითუმო ფასი შეამცირა. შედეგად, კონკურენტი კომპანიების გარკვეული ნაწილი გაკოტრდა და საცალო ქსელში „სოკარის“ პოზიციები კიდევ უფრო გამყარდა. მოგვიანებით, კომპანიამ ფასები საკუთარ ქსელშიც გაზარდა. მსგავსი მონოპოლიური გადაწყვეტილებით დაზარალდა, ქართველი მომხმარებელი.
ფაქტი 2. დიზელი
საქართველოში „სოკარი“ აკონტროლებს დიზელის ბაზრის, დაახლოებით, 80%–ს. 2014 წელს საქართველოს უმაღლესი დელეგაცია ბაქოს ეწვია, ვიზიტის ერთ–ერთი მთავარი საკითხი იყო საწვავის ფასები. გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის წევრები საწვავის მიწოდების ფასების შემცირებას ითხოვდნენ. ამ ფონზე, აზერბაიჯანულ პრესაში გავრცელდა იმავე მამედოვის განცხადება, რომ აზერბაიჯანს პრობლემები ჰქონდა დიზელის მოპოვებასთან დაკავშირებით და საქართველოსთვის მიწოდების შემცირებას, შესაბამისად, დეფიციტის შექმნას გეგმავდა. ეს განცხადება, იყო ერთგვარად საბოტაჟის შემცველი საქართველოს მთავრობის მიმართ, შესაბამისად, ქართულ ბაზარზე საწვავის ფასების შესახებ საუბარიც კი შეწყდა.
ფაქტი 3. თურქმენული ალტერნატივა
2013 წელს საქართველოს იმდროინდელმა პრემიერ მინისტრმა გააკეთა განცხადება ქვეყანაში შედარებით დაბალფასიანი თურქმენული ბენზინის შემოტანის შესახებ. ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანული სოკარის პოზიციების შერყევას ნიშნავდა. ამის შემდეგ, თბილისში „სოკარის“ წარმომადგენლობამ გააკეთა განცხადება, რომ გადაიხედებოდა საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მიწოდების საკითხი, როგორც ფასები, ასევე მოცულობა. ამის შემდეგ, საქართველოში დაბალ ფასად საწვავის იმპორტირების საკითხი დღემდე დახურულია.
რაც შეეხება გაზის ბაზარს უნდა ითქვას, რომ წლების მანძილზე ბუნებრივია ყოველთვის მიდიოდა საქართველოს ბუნებრივი აირის ბაზრის დივერსიფიკაციაზე ფიქრი და მუშაობა. ამ კუთხით რამოდენიმეჯერ წამოიწია საქართველოში თურქმენული ალტერნატივის გაჩენის საკითხი, რომელიც საკმაოდ კონკურენტული ფასით არის წარმოდგენილი. თურქმენეთში არსებული „თენგიზის“ საბადო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია, როგორც კავკასიის ისე ევროპის გაზმომარაგებაში, თუმცა ყოველთვის თურქმენული ალტერნატივის მთავარი ხელის შემშლელი ფაქტორი აზერბაიჯანი იყო. ასეთი მიდგომა რა საკვირველია ბუნებრივია და „სოკარი“ მაქსიმალურად შეეცდებოდა ნებისმიერი ალტერნატივის ხელის შეშლას გამომდინარე იქიდან, რომ არ დაეკარგა მონოპოლისტის მდგომარეობა ქართულ ბაზარზე.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად ინარჩუნებს დიპლომატიური ეტიკეტის წესებს, აქედან გამომდინარე რა თქმა უნდა მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის აზერბაიჯანის მისამართით ნებისმიერი განცხადება მაქსიმალურად რჩება ეთიკურობის ფარგლებში.
აქვე აუცილებლად ხაზგასასმელია, რომ ქართული რეგულაციებით ბუნებრივი აირის ბაზარზე, მესამე პირის ქსელზე დაშვება კომერციულ სეტორში არის დერეგულირებული, აქედან გამომდინარე ნებისმიერი ახალი კომპანიის და ახალი მომწოდებლის გაჩენა ერთმნიშვნელოვნად გააუმჯობესებს კონკურენტულ გარემოს. ამასთან კონკურენტული ფასის გამოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია ენერგეტიკის დარგისთვის, კონკრეტულად თბოსადგურებისთვის გამომდინარე იქიდან, რომ კონკურენტული ფასის მეშვეობით გაჩნდება შესაძლებლობა, რომ ელექტროენერგიის წარმოების თვითღირებულება შემცირდეს.