საქართველო, 14 იანვარი, საქინფორმი. „უკრაინა და სირია რუსეთის გავლენის ორბიტიდან გადიან“. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ განაცხადა. მისი თქმით, მოსკოვი ამ პროცესის ჩაშლას ცდილობს, მაგრამ მას არაფერი გამოსდის.
„ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, რუსეთი უკრაინასა და სირიაზე რესურსების ხარჯვას განაგრძობს. ეს ის ქვეყნებია, რომლებიც რუსეთის გავლენიდან გადიან“, – განაცხადა ობამამ კონგრესის წინაშე ყოველწლიურ გამოსვლაში.
აშშ-ს პრეზიდენტის აზრით, დღევანდელ მსოფლიოში შეერთებული შტატებისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს არშემდგარი სახელმწიფოები წარმოადგენენ. ასეთ ქვეყნებს შორის, რუსეთის გარდა, ობამამ ჩინეთიც დაასახელა, რომლის ეკონომიკური პრობლემებიც უარყოფითად მოქმედებს ახლო აღმოსავლეთსა და მთელი მსოფლიოს სიტუაციაზე. ობამამ ასეევ განაცხადა, რომ როდესაც საუბარია მსოფლიოს მნიშვნელოვან საკითხებზე, ადამიანები ლიდერის ძიების პროცესში არა მოსკოვისა და პეკინისკენ, არამედ ვაშინგტონისკენ იყურებიან. თავის მოხსენებაში ობამამ კონგრესისა და ამერიკელი ხალხის წინაშე რამდენიმე მნიშვნელოვანი ამოცანა დააყენა. მათ შორის პრეზიდენტმა „ისლამურ სახელმწიფოზე“ საბოლოო გამარჯვება დაასახელა.