პოლიტიკა
ჩინეთის, უნგრეთის, ჩეხეთის, უკრაინისა და მოლდოვას პრემიერ-მინისტრებმა კვირიკაშვილს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცეს

 საქართველო, 13 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს მთავრობის მეთაურმა კოლეგების მისალოცი წერილები მიიღო. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერი ლი კეციანი ხაზს უსვამს ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განმტკიცების მნიშვნელობას და გიორგი კვირიკაშვილთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს.

 გიორგი კვირიკაშვილს წარმატებულ საქმიანობას უსურვებენ და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას უდასტურებენ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი და საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიარტო.

 საქართველოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე და რეფორმების განხორციელების პროცესში მხარს უჭერს ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი. ბოჰუსლავ სობოტკა იმედოვნებს, რომ ქართველ კოლეგას, უახლოეს მომავალში, პრაღაში უმასპინძლებს.

 საქართველოს პრემიერ-მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნას, უკრაინის მთავრობის სახელით, ულოცავს უკრაინის პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი.

 გიორგი კვირიკაშვილმა მილოცვა ასევე მიიღო მოლდოვის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლისგან. გეორგე ბრეგა დარწმუნებულია, რომ გიორგი კვირიკაშვილის ხელძღვანელობით, საქართველოს მთავრობა მიაღწევს შემდეგომ წარმატებებს სხვადასხვა სფეროში გატარებული რეფორმების გზაზე.