საზოგადოება
არა გაზპრომს! - ნაციონალური მოძრაობა საპროტესტო აქციებს გამართავს

 საქართველო, 13 იანვარი, საქინფორმი. არა გაზპრომს – ნაციონალურ მოძრაობა ამ ლოზუნგით საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავს. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ რუსული კომპანიის საქართველოში შემოსვლა არ უნდა მოხდეს.

 საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები კახა კალაძეს პარლამენტში იბარებენ და მოითხოვენ, რომ ენერგეტიკის მინისტრმა მათ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს გაზპრომთან მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ.

 "საქართველო დგება ვითარებაში როდესაც კარგავს აზერბაიჯანს სტრატეგიულ პარტნიორს და პოზიციები სუსტდება საერთაშორისო არენაზე. ამ გარემოებებიდან გამომდინარე, მივმართავთ კალაძეს მოვიდეს პარლამენტში და გაგვცეს პასუხები კითხვებზე.

 გაზპრომის ყველაზე დიდი წილი კერძო მფლობელებიდან ბიძინა ივანიშვილს აქვს. ეს გარემოება ბევრ კითხვას აჩენს, რომ მოლაპარაკებებში კალაძე ივანიშვილს წარმოადგენს. უნდა გასაჯაროვდეს მოლაპარაკებების შინაარსი",- განაცხადა სპეციალურ ბრიფინგზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა და დეპუტატმა ნუგზარ წიკლაურმა

 არა გაზპრომს! –  აღნიშნული ლოზუნგით აქცია მიმდინარეობდა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ არ დაუშვებენ საქართველოში ამ კომპანიის შემოსვლას, რადგან გაზპრომის საქართველოში შემოსვლა რუსეთის მიერ საქართველოს დამონებას ნიშნავს.