სამართალი
საქართველოს მთავარ პროკურატურაში საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა

 საქართველო, 13 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:

 „საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის გადაწყვეტილებით, პროკურატურაში შეიქმნა საკონსულტაციო საბჭო, რომლის ფუნქციაც იქნება უწყების საქმიანობის შემდგომი ხელშეწყობა და განვითარება, აგრეთვე, პროკურატურის მუშაკთა წახალისების, დაწინაურებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხთა განხილვა. საკონსულტაციო საბჭოს უხელმძღვანელებს მთავარი პროკურორი, ხოლო მის შემადგენლობაში შევლენ მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე და მოადგილეები, საპროკურორო საბჭოს რვა პროკურორი წევრი, ქ. თბილისის პროკურორი და საქართველოს მთავარი პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელები. პროკურატურის მუშაკთა წახალისების, დაწინაურების, დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა მოხდება არა ერთპიროვნულად, მთავარი პროკურორის მიერ, არამედ კოლეგიალურ ფორმატში, საკონსულტაციო საბჭოს მიერ, რომელიც უფლებამოსილი იქნება შესაბამისი რეკომენდაციით მიმართოს მთავარ პროკურორს მითითებული საკითხების გადაწყვეტასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია, კერძოდ, განცხადებაში.