საქართველო, 13 იანვარი, საქინფორმი. პარტია „ბედნიერი საქართველოსთვის“ ლიდერი ლეონიდ ჩერნოვეცკი მისი პარტიის პროგრამის ფორმირებასთან დაკავშირებით კონკურსს აცხადებს და ფულად პრემიას აწესებს.
„დღეს, მე ძირითადად კონცეტრირებული ვარ ჩვენი პარტიის პროგრამის უმთავრესი დებულებების შემუშავებაზე, რომელშიც მინდა გავითვალისწინო ყველა თქვენი სურვილი: რომელი კანონებია მისაღები, რომელთა მოქმედება კი შესაწყვეტი, რა უნდა გაკეთდეს პირველ რიგში იმისათვის, რომ ქართული ეკონომიკა აღორძინდეს და რომელი ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემა გადაწყდეს! ასევე ძალიან მაღელვებს საქართველოს ყოველი ცალკეული რეგიონის განვითარების საკითხი--ყველა კუთხეს ხომ განსაკუთრებული თავისებურება გააჩნია და ისინიც უნდა იყოს დიფერენცირებული და გათვალისწინებული.
აქედან გამომდინარე, ვაცხადებ კონკურსს ჩვენი პარტიის პროგრამის ფორმირებასთან დაკავშირებით და ვაწესებ ფულად პრემიებს:
1 ადგილი 10 000 ლარი
2 ადგილი 5 000 ლარი
3 ადგილი 3 000 ლარი
კონკურსი ერთი თვე გაგრძელდება. მისი შედეგები სოციალურ ქსელ ფეისბუქის ჩემს გვერდზე და პრესის მეშვეობით ოფიციალურად გამოქვეყნდება!
ცალკე მინდა კონკრეტული რეგიონების განვითარების საკითხის ირგვლივ მოვახდინო ყურადღების აქცენტირება: ყოველ საკონკურსო ნაშრომში თქვენგან ველი 2 წინადადებას იმ რეგიონის განვითარების შესახებ, რომელშიც თქვენ ცხოვრობთ. საუკეთესო წინადადებები ფულადი ჯილდოთი წახალისებული იქნება“, – ნათქვამია, კერძოდ, გავრცელებულ განცხადებაში.