აქტუალური
„პოლიტიკური პარტიები უნდა ჩამოყალიბდნენ, საბჭოთა კავშირის აღდგენა სურთ თუ დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობა“ – თავდაცვის სამინისტრო

 საქართველო, 13 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია: „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება სამშენებლო-სარემონტო ბაზის რეორგანიზაციის შესახებ მიმიდინარე რეფორმის პროცესის ნაწილია, რომელიც მიზნად საქართველოს შეირაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობისა და ეფექტურობის ზრდას ისახავს.

თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების 90 პროცენტი მრავალი წელია ტენდერების შედეგად შერჩეული კომპანიების მიერ ხორციელდება, რომლებიც სამხედრო ბაზებს, საცავებს, საიდუმლო ობიექტებს, სასადილოებს და სხვა ინფრასტრუქტურულ ნაგებობებს აშენებენ. სტრუქტურული ერთეული, რომელმაც დღეს აქცია გამართა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ძირითადად, თბილისში, სამხედრო მოსამსახურეებისთვის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობით იყო დაკავებული. სამუშაო ადგილების გაუქმებაზე საუბარი უადგილოა, რამდენადაც სამუშაოები შესასრულებელია და ღია, გამჭვირვალე ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები, გაზრდილი სამუშაოს შესაბამისად გააგრძელებს პროფესიონალების დასაქმებას.

სამხედრო მიზნებისათვის საქართველოს შეიარაღებულ ჯარებში არსებობს საინჟინრო ბრიგადა, ზემოაღნიშნული ბაზის ტექნიკური საშუალებები და პროფესიონალების ერთი ნაწილი სწორედ საინჟინრო ბრიგადის დაქვემდებარებაში გადავა და ამ ბრიგადას კიდევ უფრო გააძლიერებს. სამშენებლო-სარემონტო ბაზის თანაშრომლებს, ჯერ კიდევ გასული წლის აგვისტოში ეცნობათ, რომ მათი კონტრაქტები ვადის ამოწურვის შემდეგ აღარ გაგრძელდებოდა. შესაბამისად, განცხადებები ინფორმაციის მოულოდნელობის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.

ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით და კვლავ მზად ვართ დამატებითი განმარტებებისათვის და ამ ადამიანებთან სასაუბროდ, მაგრამ თავდაცვის სამინისტრო არ აპირებს პოლიტიკურ პარტიებთან უსაგნო პოლიტიკურ დებატში შესვლას. ისინი, უბრალოდ, ზუსტად უნდა ჩამოყალიბდნენ - საბჭოთა კავშირის აღდგენა სურთ თუ დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობა“, – ნათქვამია, კერძოდ, აღნიშნულ განცხადებაში.