საქართველო, 13 იანვარი, საქინფორმი. აფხაზეთის პრემიერ–მინისტრმა არტურ მექვაბიამ ორშაბათს ხელი მოაწერა განკარგულებას თურქეთის წინააღმდეგ რუსეთის სანქციებთან მიერთების თაობაზე.
აფხაზეთის ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები დროებით შეზღუდვებზე მუშაობენ, რომლებიც 20 იანვრამდე უნდა შევიდეს ძალაში და აფხაზეთის ტერიტორიაზე გარკვეული სახეობის თურქული პროდუქციის იმპორტი შეზღუდოს.
ეს ეხება თურქეთის ტერიტორიაზე დარეგისტრირებული კომპანიებისა და არაკომერციული ორგანიზაციების საქმიანობასაც.
აფხაზეთი ამ გადაწყვეტილებას რუსეთთან გაფორმებულ ე.წ. თანამშრომლობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას უკავშირებს. აფხაზურმა მხარემ ასევე უარი თქვა თურქული თევზსაჭერი გემების ქირაობაზე.
შეგახსენებთ, რომ 28 ნოემბერს რფ–ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას თურქეთის წინააღმდეგ სპეციალურ ეკონომიკური ზომების გატარების შესახებ. 1 იანვრის ნრძანებულების შესაბამისად, დროებით შემოღებული აკრძალვა რფ–ის ტერიტორიაზე თურქული წარმოების ხილ–ბოსტნეულის, გაყინული ქათმისა და ინდაურის ხორცის, მარილისა და მიხაკ–დარიჩინის შეტანაზე.
რფ–მ თურქეთის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო მოსკოვსა და ანკარას შორის ურთიერთობების გამწვავების შემდეგ, მას მერე, რაც რუსული ბომბდამშენი სუ–24, რომელიც სირიაში კონტრტერორისტულ ოპერაციაში მონაწილეობდა, 24 ნოემბერს თურქულმა გამანადგურებელმა თურქეთი–სირიის საზღვარზე ჩამოაგდო.