აქტუალური
მარგველაშვილისთვის გაუგებარია – რატომ უნდა გადაიდოს 4 წლით მაჟორიტარულიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლა

 საქართველო, 12 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხელი მოაწერა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს, რომელიც პარლამენტის არჩევნებისათვის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების შექმნის ახალ წესს განსაზღვრავს.

 გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები არანაირად არ არის ის საარჩევნო რეფორმა, რომელზეც  ქართული პოლიტიკური სპექტრი წლებია საუბრობს და განპირობებულია მხოლოდ იმ მოთხოვნებით, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით დაადგინა.

 „მთელი პოლიტიკური სპექტრი - ოპოზიციური პარტიები და სამთავრობო კოალიცია, ჩამოყალიბდა იმ შეხედულებაზე, თუ რა არის საუკეთესო ქართული საარჩევნო სისტემის ჩამოსაყალიბებლად.

 პასუხი ამ თვალსაზრისით ნათელია, რომ საუკეთესოა - ქვეყნის  მაჟორიტარული სისტემიდან უფრო სამართლიან - პროპორციულ სისტემაზე გადაყვანა.

 განსხვვება მდგომარეობს მხოლოდ იმაში, რა ვადებია ამ პროექტის განხორციელების თვალსაზრისით - მთელი პოლიტიკური სპექტრი, არასამთავრობო სექტორი, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და მეტიც, საქართველოს 240 ათასზე მეტი მოქალაქე პეტიციით მხარს უჭერს იმას, რომ ეს განხორციელდეს 2016 წელსვე. ხოლო განსხვვებული პოზიცია აქვს მმართველ კოალიციას, რომელიც ამ ცვლილებას 2020 წლისთვის გეგმავს.

 ვფიქრობ, რომ მთლად არგუმენტირებული და გასაგები, თუ რატომ უნდა გადავდოთ საკითხი კიდევ 4 წლით, რომელზეც ვთანხმდებით, რომ კარგია და მისაღებია, ბოლომდე გაუგებარია ჩემთვის.

 მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას, რომ უფრო ინტენსიური კონსულტაციების მეშვეობით, მივიდნენ ერთობლივ თანხმობამდე ამ საკითხთან დაკავშირებით“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბრიფინგზე.