საქართველო, 12 იანვარი, საქინფორმი. "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში დაადასტურა, რომ წინასაარჩევნოდ ბიძინა ივანიშვილი აქტიურად ჩაერთვება პოლიტიკურ პროცესებში. კობახიძემ NDI-ს კვლევებზეც ისაუბრა:
„ამ ორგანიზაციის კვლევის შედეგები და არჩევნების შედეგები 2012 წლამდეც და მის შემდეგაც ყოველთვის თვისებრივად არის აცდენილი. არც ნიჰილისტურად განწყობილი ამომრჩევლის მაჩვენებელია 60 %. დიახ, იმის გამო, რომ პარტიას ჩამოყალიბებული სტრუქტურა არ ჰქონდა, მოსახლეობასა და "ქართულ ოცნებას" შორის კავშირი შესუსტდა, მაგრამ გვაქვს რესურსი, ვითარება გამოვასწოროთ. მოსახლეობასთან ერთად აქტიურად ჩავერთვებით პრობლემების გადაჭრაში... წინასაარჩევნოდ მისი ჩართულობა კიდევ უფრო აქტიური გახდება. ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერა "ქართულ ოცნებას" მნიშვნელოვნად გააძლიერებს და ეს საარჩევნო შედეგზეც აისახება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ მომავალ პარლამენტში „ქართული ოცნების“ რიგებში მსახიობები და სპორტსმენები ჭარბად აღარ იქნებიან. "ვადასტურებთ, რომ არსებული სიჭარბით, მომავალ პარლამენტში ჩვენს რიგებში მსახიობებსა და სპორტსმენებს არ იხილავთ. აქცენტი კონკრეტულ სფეროებში გამოცდილ, პროფესიონალ ადამიანებზე გაკეთდება", - განმარტა ირაკლი კობახიძემ. კობახიძე დარწმუნებულია, რომ ეს პროცესი კონსტრუქციულად გაივლის.