რელიგია
ადამიანი, რომელიც თავის თავს შეიცნობს, სხვას აღარ განიკითხავს – ილია მეორე

 საქართველო, 12 იანვარი, საქინფორმი. 10 იანვარს, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

 ილია მეორემ მრევლს საკუთარი თავის შეცნობისაკენ მოუწოდა და წმიდა მეფე დავითის ცხოვრებაზე ისაუბრა.

 „ჩვენ შეცნობას სხვა ადამიანიდან ვიწყებთ და ჩვენ უნდა შევიცნოთ ჩვენი თავი. ადამიანი, რომელიც თავის თავს შეიცნობს, სხვას აღარ განიკითხავს. წმიდა მამა ეფრემ ასური ამბობს: “ჰე, უფალო მომანიჭე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩემისა”.

 მეფე დავითი მწყემსი იყო, ღვთის განგებამ ის მეფის ტახტზე აიყვანა. ის 40 წელი იყო მეფე. მრავალი განსაცდელი შეხვდა. ცოდვაც ჩაიდინა, მაგრამ იმდენად დიდი იყო მისი სინანული, მონანიება, რომ დავით მეფე გახდა საყვარელი ღვთისა. შევთხოვთ უფალს, რომ ყოველი ჩვენგანი იყოს საყვარელი ღვთისა. ღმერთმა მოგვცეს ჩვენ განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩვენისა. ეს ერთადერთი გზაა ცხონებისა

 დავით მეფეს ჰქონდა ბრძოლა გოლიათთანამ უზარმაზარ კაცთან. გოლიათის მხარეს იყო ჯარი და ფიზიკური ძალა, ებრაელების მხარეს იყო სიმართლე და მადლი ღვთისა და დავითმა გაიმარჯვა. ეს არის სიმბოლო საქართველოსი. მრავალი განსაცდელი ჰქონდა საქართველოს, მაგრამ საქართველო გადარჩა და მომავალშიც გადარჩება, გამარჯვებული იქნება მადლითა ღვთისათა”, – ბრძანა პატრიარქმა.

 როგორც უწმიდესმა ქადაგებისას აღნიშნა, ყოველ ორშაბათს, სამების საკათედრო ტაძარში ბავშვებისთვის პარაკლისი აღევლინება.