საქართველო, 12 იანვარი, საქინფორმი. თბილისში მიმდინარე პროექტების დაჩქარებისა და მათი ეფექტურად განხორციელების გზებზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და თბილისის მერმა დავით ნარმანიამ სამუშაო შეხვედრაზე.
შეხვედრაზე რამდენიმე ძირითადი პრიორიტეტი გამოიკვეთა, მათ შორის, ქალაქის საცობებისგან განტვირთვა, მრავალდონიანი პარკინგების მშენებლობა, ახალი საბავშვო ბაღების აშენება და ინფრასტრუქტურული და ტურისტული პროექტების მოკლე ვადებში განხორციელება.
შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, დედაქალაქის მერია აქტიურად იმუშავებს მუნიციპალური ტრანსპორტის ავტოპარკის განახლებაზე, ასევე, დაიწყება თბილისის შემოგარენში ტყის რეაბილიტაციის პროგრამა;
პრემიერმა და თბილისის მერმა ასევე ისაუბრეს მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა შორისაა აღმაშენებლის გამზირის მეორე ნაწილის რეაბილიტაცია, პუშკინის ქუჩაზე ესტაკადისა და კრწანისი-შინდისის ახალი გზის მშენებლობა, გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია და სხვა.
გიორგი კვირიკაშვილმა დავით ნარმანიას სთხოვა, გამკაცრდეს ყველა მნიშვნელოვანი პროექტის მიმდინარეობის ტემპებისა და ეფექტიანობის კონტროლი, რათა სამუშაოები მაქსიმალურად მოკლე ვადებში დასრულდეს.