საქართველო, 12 იანვარი, საქინფორმი. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ -ერთი ლიდერმა თამაზ მეჭიაურმა "პრაიმ ტაიმისთვის" მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა თავისი შეხედულებების შესახებ კოალიცია „ქართული ოცნების“ მომავალზე. მეჭიაურის თქმით, იმისთვის, რომ ყველა პარტიამ მიიღოს თავისი დამსახურების შესაბამისი ხმები და არა იმდენი, რამდენი ამბიციაც აქვს, აჯობებს განსაკუთრებით დიდი ამბიციის მქონე პარტიებმა დამოუკიდებლად მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. "ოცნების" წევრი გულისხმობს „რესპუბლიკურ პარტიას“, რომლემაც პრაქტიკულად ხელისუფლების უზურპაცია მოახდინა საქართველოში – 5 მინისტრი, მათ შორის, თავდაცვის მინისტრი, 10 პარლამენტის წევრი, მათ შორის – პარლამენტის თავმჯდომარე, ბევრი მოსამართლე, მათ შორის – უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.
"თუ გაირკვევა, რომ ექნებათ იმდენი ძალა და მხარდაჭერა, რომ დამოუკიდებლად მართონ ქვეყანა, ღმერთმა ხელი მოუმართოთ... თუ ვერ შეჯერდება ორი სუბიექტი იმ თანაფარდობაზე, რომელიც რეალურად ასახავს მათ შორის ბალანსს რეიტინგების თვალსაზრისით, ყოველ შემთხვევაში ახლოს მაინც არ იქნება რეალობასთან, მაშინ დიდი ამბიციის მქონე პარტიებმა დამოუკიდებლად მინიმუმ ბარიერი მაინც ხომ უნდა გადალახონ? ხომ ასეა? თუ ბარიერს გადალახავენ ბლოკის გაკეთება შეეძლებათ მერე იმ თანაფარდობით რა თანაფარდობითაც შევლენ პარლამენტში. ეს იქნება სამართლიანი. თუ სიებზე შეთანხმება ვერ შედგა, მაშინ ეს არის გამოსავალი", – აცხადებს მეჭიაური ინტერვიუში.