საზოგადოება
გიორგი ალიბეგაშვილი და მარგალიტა ხიდირბეგიშვილი სერგო ფარაჯანოვის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ

 საქართველო, 11 იანვარი, საქინფორმი. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ფრაქციასთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელ მარგალიტა ხიდირბეგიშვილთან ერთად, სერგო ფარაჯანოვის 92 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო, რომელიც  საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა.

საღამოზე  გიორგი ალიბეგაშვილმა სერგო ფარაჯანოვის შემოქმედებაზე ისაუბრა და კინორეჟისორის განსაკუთრებულობას გაუსვა ხაზი.

ღონისძიებაზე  გიორგი ალიბეგაშვილმა ფარაჯანოვის სახელობის კონკურსში გამარჯვებული ახალგაზრდები დააჯილდოვა.

ხსოვნის საღამო  არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ქართველ სომეხთა კავშირის’ ინიციატივით გაიმართა და მასში მონაწილეობა კინორეჟისორის ქართველმა და სომეხმა მეგობრებმა მიიღეს.

როგორც ცნობილია, თბილისში დაბადებული და გაზრდილი ხელოვანი საკუთარ ნამუშევრებში ნაციონალურ საკითხებზე ამახვილებდა ყურადღებას, რის გამოც საბჭოთა მთავრობამ მისი დევნა დაიწყო. რეჟისორი 1973 წელს დააპატიმრეს და ფილმების გადაღებაც დიდი ხნით აუკრძალეს.

სერგო ფარაჯანოვი 1990 წელს სიმსივნის დიაგნოზით ერევანში გარდაიცვალა. მისი ძეგლი თბილისში, გორგასლის მოედანზე დგას.