სამართალი
ესპანეთში მოკლული გელა გალიშვილი და გოჩა კაკალაშვილი ძმები შუშანაშვილების ახლობლები იყვნენ

 საქართველო, 11 იანვარი, საქინფორმი. ცნობილი ხდება ესპანეთში, ქალაქ ტერასაში მოკლული ორი ქართველის ვინაობა. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი გელა გალიშვილი და გოჩა კაკალაშვილი არიან, რომლებიც სავარაუდოდ ასევე ქართველებმა მოკლეს. მოკლულები ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების, ძმების - კახა შუშანაშვილის, იგივე კახა რუსთავსკის" და ლაშა შუშანაშვილის ახლობლები არიან. სავარაუდოდ, მკვლელობა კრიმინალურ გარჩევას უკავშირდება. მომხდარს ესპანეთის სამეფოს ეროვნული პოლიცია იძებს.

 შეგახსენებთ, რომ ქალაქ ტერასაში, რომელიც ბარსელონას გარეუბანში მდებარეობს, ახალი წლის ღამეს ორი ქართველი საკუთარ სახლში მოკლეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილებს ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობები თავის არეში აღენიშნებოდათ, ბინაში, კი სადაც დანაშაული მოხდა, მათ გარდა კიდევ სამი ქართველი ცხოვრობდა. ეჭვმიტანილები სროლის შემდეგ აივნიდან გადახტნენ და მიიმალნენ, თუმცა პოლიციამ ისინი უკვე დააკავა. ადგილობრივი სამართალდამცავი უწყება კიდევ ერთ პირს ეძებს.

მომხდარი მკვლელობის საქმეს ქართველი სპეციალისტებიც შეისწავლიან.