აქტუალური
ბარაქ ობამამ ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედრო ვასილ ყულჯანიშვილი ბრინჯაოს ვარსკვლავით დააჯილდოვა

 საქართველო, 11 იანვარი, საქინფორმი. „აშშ-ის პრეზიდენტი ბრინჯაოს ვარსკვლავის მედლით აჯილდოებს პირველი კლასის რიგითს ვასილ ყულჯანიშვილს“, - ასე იწყება წერილი, რომელიც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის არმიის მდივან ჯონ მაკჰიუსგან მედალთან ერთად მიიღო. წერილში საუბარია ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროს ღვაწლზე და აღნიშნულია, რომ ყულჯანიშვილმა მტკიცე მხარდაჭერის მისიის ფარგლებში სარაკეტო ჭურვის მსროლელად მსახურობის დროს განსაკუთრებული სამსახური გასწია.

 „გამორჩეული სამსახურით, საქმისადმი ცოდნითა და თავდადებით მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საბრძოლო ოპერაციების დროს სამხედრო ერთეულის წარმატებაში“,- ნათქვამია წერილში და ხაზგასმით აღნიშნულია, რომ პირველი კლასის რიგითი ყულჯანიშვილის გამორჩეული მიღწევები წარმოადგენს დიდ პატივს აშშ-ის შეიარაღებული ძალების, ავღანეთისა და საქართველოსთვის. აშშ–ის არმიის მდივნის წერილი და ბრინჯაოს ვარსკვლავი დაღუპული ვასილ ყულჯანიშვილის ოჯახს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა პირადად გადასცა.