პუბლიკაციები
“ერის მამობის მსურველები” - ვალერი კვარაცხელია

 „ამერიკულმა დემოკრატიამ უცნაური ტიპები გამოჩეკა საქართველოში, რომლებიც პოპულარობის მოხვეჭასა და საზოგადოებაში "ღირსეული"ადგილის დამკვიდრებას ქართული ტრადიციების, ადათ-წესებისა და მართლმადიდებელი ეკლესიის შეურაცხყოფით ცდილობენ.

საშობაოდ ერთი მათგანი უნიჭო ლექსს აცოდვილებს და უხერხულ კონტექსტში მოხსენიებით ცდილობს პატრიარქის დამცირებას; მეორე საკუთარი დედის "ეჭვმიუტანელ ავტორიტეტს" იშველიებს და მის მიერ პატრიარქის მიმართ ათეული წლების წინ გამონათქვამ შეურაცხმყოფელ სისულელეს "უტყუარ ჭეშმარიტებად" წარმოგვიჩენს; მესამე, მეოთხე, მეხუთე და ა.შ. ამ სისულელეებს ტაშითა და ოვაციებით ხვდება და იმ ადამიანებს, ვინც პატრიარქისკენ ნასროლ ტალახს მტკივნეულად და ემოციურად იღებს, მხატვრული ნაწარმოების აღქმის უუნარობაში "ამხელს" და ესთეტიზმის დაბალი დონის გამო უკიჟინებს.

ამერიკული დემოკრატიის ერთ-ერთმა "გენიოსმა" წარმომადგენელმა კი ასეთი ბრძნული აზრი შემოგვთავაზა: შობის დღესასწაულს ვინც 7 იანვარს აღნიშნავს, ოკუპანტის მომხრეაო. (!). აი, კაცი, - პუბლიცისტური, მხატვრული, მეცნიერული თუ რელიგიური აზრის ღრმა მცოდნე და უბადლო გამგები. მას ჰგონია, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეშობას 7 იანვარს აღნიშნავს, რადგან, როგორც ჩანს, არც იულიუსის კალენდარზე აქვს წარმოდგენა და არც - გრიგორიანულზე. არც კალენდარის ძველი სტილისა გაეგება რამე და არც - ახალი სტილისა. მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეშობას 7 იანვარს კი არ აღნიშნავს, არამედ ძვ. სტილით 25 დეკემბერს აღნიშნავს და ამ შემთხვევაში არაფერს არ ნიშნავს ის ფაქტი, რომ ძვ. სტილით 25 დეკემბერი ახ. სტილით 7 იანვარს ემთხვევა. თქმა იმისა, რომ ვიღაცა ქრისტეშობას 7 იანვარს აღნიშნავს, სრული აბსურდია იმის მიუხედავად, რომ ეს ორი თარიღი ერთმანეთს ემთხვევა. რაც შეეხება ოკუპანტის (რუსეთს გულისხმობს, ცხადია) მომხრეობას, ეს ისეთი წარმოუდგენელი სიბრიყვეა, რის მსგავსსაც იშვიათად თუ წააწყდება ადამიანი დედამიწის როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ ნახევარსფეროში. რა შუაშია ოკუპანტი? გრიგორიანული კალენდარი (ახალი სტილი) მეთექვსმეტე საუკუნეში შემოიღეს ევროპელებმა, რაც უდავოდ პროგრესული მოვლენა იყო, მაგრამ რუსეთში იგი მხოლოდ მეოცე საუკუნეში მიიღეს. ჩვენთან ეს კალენდარი, მართალია, რუსეთის გავლით შემოვიდა, მაგრამ რა უნდა ამერიკული დემოკრატიის ამ "გენიოს" წარმომადგენელს, არ უნდა მიგვეღო მეცნიერულად გაცილებით მაღალ საფეხურზე აყვანილი და გაცილებით უფრო ზუსტი კალენდარი? მართლმადიდებელმა ეკლესიამ ახალი კალენდარი თუ არ მიიღო, ამას აქვს ახსნა. მეცნიერების ხიბლი და დანიშნულება მის განვითარებადობაშია, ეკლესიისა კი, - მის დოგმატურობაში. რწმენის სფეროსა და შემეცნების სფეროს შორის განსხვავებაში ცოტათი მაინც უნდა ერკვეოდეს მამამისის ოჯახში აღზრდილი კაცი.

ერთი სიტყვით, ნამდვილი იდიოტების დოღია საქართველოში, მაგრამ ეს ცუდი არ არის, პირიქით, ამაში არის რაღაცა პოზიტიური და დამაიმედებელიც კი. საქმე ისაა, რომ ამერიკელთა ბინძურ პროგრამებს საქართველოში მხოლოდ ასეთი გონებასუსტი ადამიანები ავრცელებენ, რის გამოც ამ პროგრამების ვერაგული ხასიათი საზოგადოებისთვის ადვილად დასანახი და გასაშიფრი ხდება. საქმე გაცილებით რთულად იქნებოდა მათ ადგილზე განათლებული და ინტელექტუალური ადამიანები რომ იდგნენ. საბედნიეროდ, ეს მიმართულება მთლიანად უვიცთა და თახსირთა ხელში აღმოჩნდა, რის გამოც საზოგადოების გონიერი ნაწილი ამერიკული სპეცსამსახურების მიერ შემოგდებულ ამ პროგრამებს თავიდანვე კატეგორიულად გაემიჯნა. ზნედაცემულობის ეპოქაში ერის მამობის მსურველი ბევრი აღმოჩნდა, მაგრამ მათი აღიარებისა რა მოგახსენოთ?!“ - წერს გამოჩენილი ქართველი ჟურნალისტი, პუბლიცისტი და პოლიტოლოგი ვალერი კვარაცხელია თავის Facebook-გვერდზე.