უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ გვითხრა, რომ 2015 წლის 31 დეკემბერს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულება №683-ს, რომლის მიხედვითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა 2009 წელს მიღებული ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია და დამტკიცდა მისი ახალი ვარიანტი. ახალი სტრატეგიის მიხედვით კი განისაზღვრა რუსეთის ფედერაციის ახალი ეროვნული ინტერესების განხორციელების სტრატეგიული მიმართულებები, რომლებიც პირველად იყო შემუშავებული მას შემდეგ, რაც საერთოდ მიღებული იქნა ამ სახის დოკუმენტი (1996, 2000, 2004 და 2009 წლების ვარიანტებისგან განსახვავებით). მაისაიამ ამ პრიორიტეტებთან დაკავშირებით „ფოსტალიონს“ საინტერესო ინფორმაციები გააცნო:
ვახტანგ მაისაია:
ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ახალი კონცეფციის პრიორიტეტებია:
1. ქვეყნის თავდაცვა.
დოკუმენტის მიხედვით, რომლის ხანგრძლივობა განსაზღვრულაი 6 წლის ვადით (ანუ დოკუმენტი არ შეიცვლება ამ პერიოდის განმავლობაში – ეს დებულება განისაზღვრება ორგანული კანონით: „რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული დაგეგეგმარების შესახებ“), ეროვნული ინტერესების კლასიფიკაცია ემთხვევა ზუსტად ზემოაღნიშნულ სტრატეგიული პრიორიტეტების კატეგორიას. თუმცაღა დასაწყისშივე განისაზღვრა თუ რას წარმოადგენს რუსეთისთვის მთავარ საფრთხეებს, როგორც გლობალურ, ისე რეგიონულ დონეებზე.
- რუსეთი მთავარ საფრთხეებად რას თვლის?
- ამ საფრთხეებში მოხვდა საქართველოც და თანაც საკმაოდ უჩვეულო ფორმით. თუმცა მანამდე რუსეთის ფედერაციის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ განსაზღვრა ის გეოსტრატეგიული არეალები, სადაც უნდა განხორციელდეს აღნიშნული ინტერესების იმპლემენტაცია (პარაგრაფი 14):
1. ევრაზიული სივრცე.
2. ევრო-ატლანტიკური სივრცე
3. წყნარი-ოკეანეთის სივრცე.
ამასთან ერთად, დოკუმენტში მკაფიოდ არის დაფიქსირებული, რომ რუსეთის მთავარი გეოპოლიტიკური მიზანია ჰეგემონობის დამყარება გლობალურ დონეზე, მულტიპოლარული მსოფლიო წესრიგის ფორმატში, ანუ ისეთში როგორიც ამჟამად არსებობს. სპეციალური ტერმინიც კი არის გამოყენებული _ „ჰეგემონობის მოპოვება მსოფლიო ოკეანეში“ (სპეციალური გეოპოლიტიკური ტერმინი, რომელიც უკავშირდება გერმანული კლასიკური სკოლის პოსტულატებს – Мировой Океан), თუმცა ეს ფაქტორი შეფარულად არის გადმოცემული სარესურსო პოტენციალის ათვისების კონტექსტში, არქტიკის სასარგებლო წიაღისეულების ათვისებასთან ერთად. ამ შემთხვევაში ნათლად იკვეთება თანამედროვე რუსული ნეოევრაზიული სკოლის მიმდევრების ხელწერა, რომლებსაც სათავეში უდგას ცნობილი კოლორიტი ფიგურა, ნეო-ნაციონალისტი ალექსანდრე დუგინი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა ამ დოკუმენტის შედგენასა და შემუშავებაში. ამავე დროს ხაზგასმულია რუსული პროექტის – „ევრაზიული ეკონომიკური კავშირისა“ და „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ (პარაგრაფი 90-91) დომინანტობის დაფიქსირება და მათი გადაქცევა საერთაშორისო დონის აქტორებად, ისევე როგორც „შანჰაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ გადაქცევა მძლავრ პოლიტიკური უსაფრთხოების გაერთიანებად (პარაგრაფი 92). თუმცა აქვე ერთგვარად ცალკე პუნქტირად გადის სპეციალური ურთიერთობების დამყარება ე.წ. „აფხაზეთის რესპუბლიკასა“ და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან“, რომლებიც ცალკე აქტორებად არის გამოკვეთილი დოკუმენტში, როგორც ევრაზიულ სივრცეში ერთ-ერთი სუპერ-სტრატეგიული მოკავშირის სტატუსის მატარებლობის ფორმულარის სახით (პარაგრაფი 89), თანაც საერთაშორისო პოლიტიკის სისტემაში. როგორც ჩანს, სულ მცირე კიდევ 6 წლის განმავლობაში ქართულ საზოგადოებას არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რუსეთის ფედერაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა დასთმობს ამ სტრატეგიულ მოკავშირეებთან ურთიერთობებს, თუნდაც საქართველოსთან დაახლოების სანაცვლოდ. მთავარ გეოპოლიტიკურ მოკავშირეებად რუსეთს ამავე დოკუმენტის მიხედვით გამოყოფილი ჰყავს – ინდოეთი და ჩინეთი, რომლებმაც უნდა გააწონასწორონ ურთიერთობები ევროკავშირთან და აშშ-სთან (პარაგრაფი 93-94 ).
- კიდევ რომელ საფრთხეებზეა დოკუმენტში საუბარი?
- საინტერესოა ასევე ის საფრთხეებიც, რომლებიც იდენტიფიცირებულია დოკუმენტის მიხედვით, რუსეთის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის მხრიდან. მათ რიცხვში მოიაზრება შემდეგი ძირითადი მიმართულებები:
1. ნატოს სამხედრო გაძლიერება და ამ ორგანიზაციისთვის გლობალური დონის აქტორის ფუნქციების მინიჭება, რომელიც თურმე კრემლის მესვეურების მოსაზრებით „არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს“. აქვე იგულისხმება ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურების მოახლოება რუსეთის საზღვრებთან, რაც ქმნის „რუსეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის პირდაპირ გამოწვევას“. აქვე კრემლი განიხილავს აშშ-ს ანტი-სარაკეტო სისტემის კომპონენტების განლაგებას ახლო აღმოსავლეთის, ევროპისა და წყნარი-ოკეანეთის რეგიონებში ე.წ. „გლობალური დარტყმის“ კონცეფციის რეალიზაციის ფარგლებში, ისევე როგორც არაბირთვული დანიშნულების სტრატეგიული უზუსტესი შეიარაღების განლაგება და ანალოგიური სახის შეიარაღების განთავსება კოსმოსში (პარაგრაფი 15);
2. ევრაზიის გეოპოლიტიკურ სივრცეში დასავლეთის (მასში იგულისხმება ევროკავშირი+აშშ) „შეღწევა“ და ამით რუსეთის ეროვნული ინტერესების შებღალვა. დოკუმენტში პირდაპირი ტექსტით განიხილება სიტუაცია უკრაინაში (პარაგრაფი 17);
3. ახლო და შუა აღმოსავლეთის რეგიონებში, ისევე როგორც აფრიკის, სამხრეთ აზიის და კორეის ნახევარკუნძულზე „არასტაბილური კერების“ გაჩენა და განვითარება. ამას გარდა, დაფიქსირებულია მთავარი საფრთხე – „ისლამური სახელმწიფოს“ არსებობა და მისი გაძლიერება (აქვე ირიბი მინიშნებაა დასავლეთის მიმართულებით) – პარაგრაფი 18;
4. ბირთვული შეიარაღების ანუ „ბირთვული კლუბის“ წევრთა მომატება, ისევე როგორც სხვა მასობრივი განადგურების იარაღის მფლობელთა რაოდენობის გაზრდაც (ბიოლოგიურ, ქიმიური, ბაქტეროლოგიური). ამავე დროს, სპეციალურად ხაზი გაესვა რუსეთის სიახლოვეს, მეზობელ სახელმწიფოებში ამერიკული სამხედრო-ბიოლოგიური ლაბორატორიების ქსელის დაფიქსირება, რა თქმა უნდა, ამ კონტექსტში იგულისხმება პირველ რიგში, საქართველოში მოქმედი ე.წ. „ლუგარის სახელობის ბიოლოგიური ლაბორატორია“. ასე, რომ საქართველო მეტად უცნაურ ვითარებაში მოხვდა რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტის საფრთხეების ფორმულარში.
- მაინც რას მოუტანს საქართველოს რუსეთის ფედერაციის ახლადმიღებული დოკუმენტი?
- ასე შეიძლება გაანალიზდეს მოცემული დოკუმენტი, მაგრამ რას მოუტანს ის საქართველოს, ეს ცალკე განხილვის საგანია.