აქტუალური
თურქეთს საქართველოში სამხედრო ბაზის გახსნა სურს – რა მოხდება 23 იანვარს?

 საქართველო, 11 იანვარი, საქინფორმი. „გამორიცხული არაა, რომ თურქეთი წინადადებით გამოვიდეს აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიაზე თურქული სამხედრო ბაზების შექმნის შესახებ“, – ასეთი განცხადება გააკეთა ბაქოს პოლიტიკური ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ცენტრის დირექტორმა, პოლიტოლოგმა მუბარიზ აჰმედოღლუმ (ავტორი – ბ. საფაროვი).

 ექსპერტის თქმით, ეს საკითხი შეიძლება თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დროს იქნეს განხილული, რომელიც თბილისში 23 იანვარს უნდა გაიმართოს: „თურქეთმა თავისი ჯარები უკვე შეიყვანა ერაყში და იქ სამხედრო ბაზა შექმნა. მოლაპარაკება მიმდინარეობს ყატართანაც იმავე მიზნით. იგივე განზრახვა აქვს თურქეტს საუდის არაბეთის მიმართაც. აქედან გამომდინარე, არაა გამორიცხული, რომ საგარეო საქმეთა მინისტრების დაგეგმილ სამიტზე ანკარამ საკითხი დასვას აზერბაიჯანის ან საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ბაზის დაარსების შესახებაც, – განაცხადა მუბარიზ აჰმედოღლუმ, – ან სულაც ორივე ქვეყანაში. მართალია, აზერბაიჯანის კონსტიტუცია კრძალავს ქვეყნის ტერიტორიაზე უცხოეთის სამხედრო ბაზების არსებობას, მაგრამ თურქეთისათვის ეს ხელისშემშლელი არ იქნება – მას შეუძლია ეს საკითხი განხილვის მიზნით წამოაყენოს“.

 პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ მინისტრების შეხვედრის დროს დაგეგმილია რიგი საკითხების განხილვა, მათ შორის ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობის მიმდინარეობა. არაა გამორიცხული, რომ დადგება საკითხი ირანისა და საქართველოს მოლაპარაკების შესახებაც, რომლის თანახმად, თბილისს ირანული გაზის შესყიდვა აქვს განზრახული, სომხეთის ტერიტორიიის გავლით. ამას უფრო პოლიტიკური ხასიათი აქვს, ვიდრე ეკონომიკური.

 „თბილისსა და თეირანს შორის მოლაპარაკება კი მიდის, მაგრამ მხარეები ჯერ რაიმე კონკრეტულ შედეგამდე არ მისულან. რასაკვირველია, თეირანში კარგად უწყიან, რომ არ არსებობს მილსადენი, რომლის მეშვეობით, სომხეთის ტერიტორიის გავლით, ირანიდან ბუნებრივი გაზის საქართველოში გადაიტუმბება. შესაძლოა, მათ იმედი აქვთ, რომ ამ მიზნით რუსეთ-სომხეთის გაზსადენს გამოიყენებენ, რევერსული ან „სვოპური“ (ჩამნაცვლებელი) ოპერაციით: ირანი სომხეთს გაზს აძლევს, სომხეთი კი – საქართველოს. [ჯერჯერობით ბევრი რამ უცნობი და გაუგებარია], მაგრამ აშკარაა, რომ ამ ინფორმაციის გავრცელებით ჩვენ გვაბრაზებენ. ყველასათვის ცნობილია, რომ საბჭოთა კავშირის დროს ირანული გაზის საქართველოში აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით შედიოდა. ახლაც შეიძლება იგივეს გაკეთება, სულ მცირე დანახარჯებია საჭირო ამისათვის, მაგრამ ირანი ამ ფაქტის არსებობას განგებ ივიწყებს, – ამბობს მუბარიზ აჰმედოღლუ, – რაც შეეხება ქართულ მხარის სურვილს ხან ირანული და ხან რუსული გაზის შესყიდვის თაობაზე, ეს ყველაფერი თვით საქართველოს დააზარალებს. ენერგეტიკის მინისტრს კახა კალაძეს შეეძლო ამ საკითხში თავისი ექსპერტების აზრით დაინტერესებულიყო. მოკლედ, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დროს, ალბათ, ამ საკითხის განხილვაც არის დაგეგმილი“.