საზოგადოება
დიდთოვლობის შედეგების ლიკვიდაცია: გაიმართა საგანგებო შტაბის გაფართოებული სხდომა

 საქართველო, 8 იანვარი, საქინფორმი. სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ საგანგებო შტაბის გაფართოებული სხდომა ჩაატარა, რომელსაც რეგიონში ძალოვანი უწყების ხელმძღვანელები, გამგებლები, მერები და გუბერნატორის მოადგილეები ესწრებოდნენ. გუბერნატორმა დეტალურად მოისმინა ინფორმაცია სხვადასხვა მუნიციპალიტეტბში  არსებული ვითარების შესახებ.

 რეგიონის მასშტაბით ყველა ცენტრალური, სოფლამდე მისასვლელი და შიდა გზები გაწმენდილია. მოძრაობა მესტიის მიმართულებით აღდგა, ინტენსიურად იწმინდება ჯვარი-ხაიშის მონაკვეთი.

 გუბერნატორმა დიდთოვლობის გამო დაზიანებულ სახლებზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, თითოეულ დაზარალებულ ოჯახს ხელისუფლება დაეხმარება. რეგიონში ელექტროენერგიის აღდგენით სამუშაოებზე ინტენსიურად მუშაობენ  „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ჯგუფები. გაზმომარაგებასთან დაკავშირებით რეგიონში პრობლემა არ არსებობს.

 „მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ძალოვანი უწყების ხელმძღვანელებს, თითოეულ თანამშრომელს, რომელიც დღე და ღამე მუშაობდით. მადლობა მერებს, გამგებლებს, რომლებიც ახდენდნენ დროულ რეაგირებას ყველა პრობლემაზე, მადლობა ჩემს მოადგილეებს, ენერგო-პრო ჯორჯიას წარმომადგენლებს, რომლებიც აღდგენით სამუშაოებზე 24–საათიან რეჟიმში მუშაობენ. ჩვენ ყველამ ერთად მუშაობით შევძელით დროულად მოგვეხდინა რეაგირება ყველა პრობლემაზე და ჩვენს მოქალაქეებს რაც შეიძლება ნაკლები დაბრკოლება შექმნოდათ დიდთოვლობისგან“, - განაცხადა ლევან შონიამ.