აქტუალური
თინა ხიდაშელი, სომხებთან ერთად, სურბ გევორქის საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურგიას დაესწრო

 საქართველო, 8 იანვარი, საქინფორმი.  საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სომხური სამოციქულო ეკლესიის მრევლს ქრისტესშობისა და ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. თინათინ ხიდაშელი თბილისში, შარდენის ქუჩაზე მდებარე სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებლური წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის საკათედრო ტაძარ სურბ გევორქში საზეიმო ლიტურგიას დაესწრო.

 „ჩვენ სომხური წარმოშობის ბევრი სამხედრო მოსამსახურე გვყავს და ჩემი ვალია, ჩემთვის პატივია, ვიყო დღეს აქ და განახლებული ტაძრიდან, პირველ რიგში, სწორედ, მათ და შემდეგ ყველა დანარჩენს მივულოცო შობა, როგორც საქართველოში, ისე საქართველოს საზღვრებს გარეთ. რელიგიური სხვაობა ქმნის მრავალფეროვნებას. სწორედ, ამ მრავალფეროვნებაში არის სახელმწიფოს სიძლიერის ყველაზე უფრო დიდი ხიბლი. ქართული სახელმწიფო ნამდვილად ძლიერია, რადგან ჩვენ შეგვიძლია ერთად, მხარდამხარ ვიბრძოლოთ ჩვენი საერთო სამშობლოს, ერთი სახელმწიფოს სიძლიერისა და გამარჯვებისათვის“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

 ტაძრის წინამძღვარმა, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა თინათინ ხიდაშელს სტუმრობისა და მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა და სხვადასხვა ეროვნებისა და აღმსარებლობის ადამიანების მშვიდობიან თანაცხოვრებაზე გაამახვილა ყურადღება.