აქტუალური
ბრავო, თინა! ავღანეთმა ქართველი სამხედროების ახალი პარტია მიიღო

 საქართველო, 8 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის „ბრავო“ ასეული ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესასრულებლად მიემგზავრება. სამხედროების გაცილების ცერემონიალი ვაზიანში IV მექანიზირებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. ასეულის პირად შემადგენლობას თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიმართეს და საპასუხისმგებლო მისიის წარმატებით შესრულება უსურვეს.

 „მორიგი როტაცია გვაქვს იანვარ-თებერვლის განმავლობაში. ჩვენი სამხედროების ეს კონკრეტული ასეული მაზარ--შარიფში მიემგზავრება. სამხედროებს წარმატება მინდა ვუსურვო და რაც ყველაზე მთავარია, მშვიდობით დაბრუნება. ისევე ამაყად ეტარებინოთ საქართველოს დროშა, როგორც ყველა იმ კონტინგენტს, რომელიც მანამდე იმყოფებოდა მისიებში საქართველოს სახელით“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

 „მისია რთულია, მაგრამ ჩვენს დანაყოფს გააჩნია ყველა უნარი მის შესასრულებლად. დანაყოფს ჰყავს გამოცდილი მეთაურები, უნარიანი სერჟანტები, თვითონ მებრძოლებიც არიან ავღანეთის რამდენიმეგზის ვეტერანები. ისინი საკმაოდ კარგად მოემზადნენ გერმანიაში და გერმანულ დანაყოფთან ერთად იქნებიან მაზარ--შარიფში. დიდი იმედი გვაქვს, რომ წარმატებული მისია ექნებათ“,- აღნიშნა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის „ბრავო“ ასეული „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, მაზარ-ი-შარიფში შვიდ თვეს დაჰყოფს. „ბრავო“ ასეული ავღანეთში III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის „ალფა“ ასეულს ჩაანაცვლებს.