სამართალი
პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძის შემცვლელის კანდიდატურას იანვრის ბოლოს დაასახელებს

 საქართველო, 8 იანვარი, საქინფორმი. პრეზიდენტის მზადყოფნის მიუხედავად მმართველ გუნდში არ გამორიცხავენ, რომ ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტის არჩევა თვის ბოლომდე გადავადდეს, როდესაც ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობა განახლდება. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური ვარაუდობს, რომ გარდამავალ პერიოდში პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი დასახელდება.

წლის ბოლოს უფლებამოსილების ვადა საბჭოს კიდევ სამ წევრს - არჩილ მესტვირიშვილს, ოთარ ნადარაიასა და ლაშა ჯუღელს ეწურება. საპარლამენტო ოპოზიციაში არ გამორიცხავენ, რომ პრეზიდენტსა და ქართულ ოცნებას შორის კანდიდატებთან დაკავშირებით გარიგება მოხდეს.

ქადაგიძის შემცვლელად „ქართული ოცნების“ სავარაუდო კანდიდატებს შორის საზოგადოება 2030-ის წევრი მიხეილ დონდუაა, თუმცა თავად დონდუა საკუთარ კანდიდატურას გამორიცხავს.

ვრცელდებოდა ინფორმაცია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის წარდგენის შესახებაც, მაგრამ მმართველი გუნდი ხელისშემშლელ ფაქტორად მარგველაშვილ–ღარიბაშვილის დაპირისპირებას ასახელებს.

გიორგი ქადაგიძეს უფლებამოსილების ვადა თებერვალში ეწურება.