სამართალი
დავით კირკიტაძე: „ჩემს ოჯახზე მიმდინარეობს პოლიტიკური ზეწოლა“

 საქართველო, 8 იანვარი, საქინფორმი. როგორც ცნობილია, სამართალდამცავებმა ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი დავით კირკიტაძის ძმა ირაკლი კირკიტაძე დააკავეს.

 გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა თბილისში, დიღმის მასივის მე-5 კვარტალში, უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქეს და თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღი ჩაარტყა, რითაც მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება.

 ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი დავით კირკიტაძე კი პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობს და ძმის დაკავებას საკუთარ პოლიტიკურ საქმიანობას და გარდაბანში თვის ბოლოს დაგეგმილ გამგებლის არჩევნებს უკავშირებს.

 "ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩემზე და ჩემს ოჯახზე მიმდინარეობს პოლიტიკური ზეწოლა. დღეს, როდესაც რამდენიმე კვირაში გარდაბნის მუნიციპალიტეტში გაიმართება გამგებლის არჩევნები და მე ვარ შტაბის უფროსი, მძევლად აჰყავთ და აკავებენ ჩემ ძმას", - აცხადებს დავით კირკიტაძე.

 ოპოზიციის წარმომადგენლები ასევე დარწმუნებული არიან, რომ ირაკლი კირკიტაძის დაკავება მისი ძმის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება.

 "სასამართლო სისტემის საშუალებით ხელისუფლებამ დავით კირკიტაძის ძმა აიყვანა მძევლად. თუმცა, მათ იმის იმედი, რომ ისინი ამ გზით გარდაბანში არჩევნების მოგებას მოახერხებენ, არ უნდა ჰქონდეთ", - აღნიშნა ირმა ნადირაშვილმა.